ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა კვლევებისა და ინოვაციების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან ჟან-ერიკ პაკესთან და მასთან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმების გაფორმებისა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას საქართველოს მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი Horizon Europe-ის პროგრამის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის. მინისტრის თქმით, ამ შეთანხმების გაფორმებით საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას, ასევე ინოვაციების სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში. შეთანხმების საფუძველზე Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს. საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკვე მოეწყო საგრანტო ოფისები. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი საგრანტო ოფისები უკვე გაიხსნა. Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის კონკურსების შესახებ, არამედ მეცნიერთა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადის მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.
საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი, რომლის ფუნქცია იქნება ევროკავშირსა და საქართველოს საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისებს შორის მედიაცია და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს ჟან-ერიკ პაკეს მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რაც აკადემიური პროგრამების შექმნას კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გულისხმობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ.
მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ პროცესს განაპირობებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან.
მინისტრის თქმით, ადრონული თერაპიის ცენტრი მთლიანად დაფინანსებულია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, ხოლო მეორე მხოლოდ კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, რაც განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. Horizon Europe უდიდეს შესაძლებლობებს მისცემს ქართველ მეცნიერებს ევროპელ კოლეგებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები სამედიცინო და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით.
ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა ჟან-ერიკ პაკემ, თავის მხრივ, მოიწონა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის კონცეფცია. მისი თქმით, Horizon Europe ხელს შეუწყობს მეცნიერებს საქართველოდან პროფესიულ ზრდაში ევროპელ კოლეგებთან ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელების გზით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, არამედ, ზოგადად, ქვეყანაში მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების განვითარებისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ვახტანგ მახარობლიშვილი, ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორის მოადგილე სინე რატსო და ამავე დირექტორატის ევროპული სამეზობლოს გუნდის ლიდერი და Horizon Europe-თან ასოცირების სამმართველოს დესკ-ოფიცერი სილვია ბოჟინოვა.