სასწავლო პროცესის მართვა და ცოდნის გაზიარებიდან მიღებული დადებითი ემოციები ნინო შალამბერიძისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა მომავალი ცხოვრება ინკლუზიურ განათლებასთან, კერძოდ კი, სპეციალური მასწავლებლის პროფესიასთან დაეკავშირებინა.
„ალბათ ტრადიციული აკადემიური განათლების თვალსაზრისით უფრო ადვილია ერთგვაროვან გარემოში მუშაობა, მე კი, როგორც სპეციალურ მასწავლებელს, ბავშვების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე შესაძლებლობა მეძლევა, შევისწავლო და მოვიძიო სხვადასხვა მეთოდი, შევქმნა რესურსები, რათა ხელი შევუწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების საზოგადოების რეალიზებულ წევრებად ჩამოყალიბებას,“ – აცხადებს პედაგოგი.
ნინო შალამბერიძემ სპეციალურ მასწავლებლად მუშაობა ზესტაფონის მე-2 საჯარო სკოლაში 2014 წლიდან დაიწყო. ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 120 საათიანი სატრენინგო კურსი გაიარა, რამაც სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისთვის საჭირო უნარები შესძინა.
„თითქმის 8 წელია, რაც სპეციალური მასწავლებელი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ვიპოვე საკუთარი პროფესია. ჩემს მოსწავლეებს უფრო მეტი სჭირდებათ, ვიდრე სტანდარტული აკადემიური სასწავლო პროცესი. ამიტომაც ჩვენი ურთიერთობა აღემატება მხოლოდ მოსწავლე-მასწავლებლის დამოკიდებულებებს, ეს არის სულიერი და ფიზიკური მხარდაჭერა, ნდობა და სიყვარული, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მათი სოციალური ინტეგრაციისთვის,“ – აცხადებს ნინო შალამბერიძე.
პედაგოგი მიიჩნევს, რომ ინკლუზიური განათლების სკოლებში დამკვიდრება არის ერთგვარი სიკეთე, რომელიც დადებითად აისახება როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ისე ტიპური განვითარების მოსწავლეებზე, რადგან ერთმანეთის მიმართ ამჟღავნებენ უდიდეს ტოლერანტობას, სწავლობენ მზრუნველობასა და თანადგომას.
„საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვებს სჭირდებათ ერთმანეთთან ურთიერთობა. ინკლუზიური განათლების სკოლებში დამკვიდრებამ კი განაპირობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტეგრაცია სოციალურ და სასწავლო პროცესებში. ბავშვები იღებენ და უგებენ ერთმანეთს, მიუხედავად მათი განსხვავებისა. იმის გამო, რომ სწავლა მიმდინარეობს კარგად განვითარებულ ინკლუზიურ გარემოში, მათ აქვთ უკეთესი აკადემიური მოსწრება, კოგნიტიური, პიროვნული და კომუნიკაციური შესაძლებლობების უფრო მაღალი დონე,“ – აცხადებს პედაგოგი.
ნინო შალამბერიძის თქმით, სასწავლო პროცესში სირთულეები ხშირია, განსაკუთრებით კი დისტანციური სწავლების დროს. თუმცა დირექციის ჩართულობითა და მშობლებთან უშუალო მუშაობით ეს პრობლემები დაძლევადი აღმოჩნდა.
„დისტანციური სასწავლო პროცესი სიახლე იყო ყველა ჩვენგანისთვის. პანდემიის დასაწყისში გაკვეთილის დისტანციურად ჩატარება მართლაც არ იყო იოლი, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე, ასევე ტიპური განვითარების მოსწავლეებთან.
თავიდან იყო რესურსების სიმწირე, ასევე პრობლემა იყო დისტანციურ რეჟიმში კომუნიკაციის უნარების არქონა, ყურადღების დეფიციტი, კონცენტრაციის სირთულე, მონიტორთან ქცევის მართვა და სხვა.
დისტანციური სწავლებისას დიდი როლი დაეკისრათ მშობლებს, რომლებიც სასწავლო პროცესში მაქსიმალურად ჩაერთნენ. თავდაუზოგავი და ერთობლივი მუშაობის ფონზე კი ეს გამოწვევაც წარმატებით დავძლიეთ,“ – განაცხადა პედაგოგმა.
მიუხედავად სირთულეებისა, ნინო შალამბერიძე ფიქრობს, რომ პედაგოგის პროფესია მისთვის საამაყო და საყვარელი საქმიანობაა. კოლეგებს კი მოუწოდებს, შეიმუშაონ სწავლების ინდივიდუალური მეთოდები და ყველა რთულ სიტუაციაში შეინარჩუნონ პოზიტივი.
„მასწავლებლის პროფესია ჩემთვის დიდად საამაყო და საპასუხისმგებლოა. ვცდილობ, მოსწავლეებს მივცე ტოლერანტობისა და სიკეთის მაგალითი, დავიმსახურო მათი ნდობა და სიყვარული. ვთვლი, რომ ყველა ბავშვმა სკოლიდან უნდა წაიღოს არა მარტო ცოდნა-განათლება, არამედ ჩვენგან აიღოს ადამიანობისა და ჰუმანურობის მაგალითი.
ჩემს კოლეგებს კი ვუსურვებ მხნეობას, მოთმინებასა და საკუთარი პროფესიის დიდ სიყვარულს. რადგან სიყვარულისა და მონდომების საფუძველზე შესაძლებელია დიდი საქმეების კეთება“, – აცხადებს ნინო შალამბერიძე.