პროფესიით იურისტ ორხან მამედოვს მასწავლებლობა მშობლიური კუთხის სიყვარულმა გადააწყვეტინა. სოფელ საბირქენდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენას ის 4 წელია ასწავლის. „მასწავლებლობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემმა თანასოფლელებმა ქართული ენა იცოდნენ, მინდოდა მათთვის უფრო ახლოდან დამენახებინა ქართული ენის საჭიროება“, - აცხადებს გულისხმიერი პედაგოგი, რომელიც სწორედ ქართულის ენის მხარდამჭერ პროექტში ჩართვის შემდეგ დარწმუნდა, რომ სახელმწიფო ენის შესწავლის კუთხით სოფელში გამოწვევები არსებობს.
ორხან მამედოვს მაძიებელი მასწავლებლის სტატუსი 2019 წლის იანვარში მიენიჭა. მანამდე, 2018 წლის სექტემბრიდან, ის დამხმარე მასწავლებლად მუშაობდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის პირველ საჯარო სკოლაში ორხანი ორ საგანს ქართულს, როგორც მეორე ენას და ისტორიას ასწავლის.
„არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერ პროექტში 2018 წლიდან ვარ ჩართული. პროფესიით სამართალმცოდნე გახლავართ, თუმცა მასწავლებლად მუშაობა გადავწყვიტე. სწორედ ამ პროექტში ჩართულობით დავინახე, რომ ჩემს სოფელში სახელმწიფო ენის ცოდნის კუთხით გამოწვევები არსებობს. ამიტომ მშობლიურ რეგიონში დაბრუნება და ქართული ენის პოპულარიზაცია გადავწყვიტე, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემმა თანასოფლელებმა ქართული ენა იცოდნენ. მსურდა, მათთვის უფრო ახლოდან დამენახებინა ქართული ენის საჭიროება და იმ პრობლემებზეც, რომელიც სოფელში ამ კუთხით არსებობს, მათთან ერთად მეზრუნა.
ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება ის არის, რომ დღეს მასწავლებელი ვარ! ბავშვები ძალიან მიყვარს, თითოეულ მათგანთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ისევე როგორც კოლეგებთან და სოფლის მცხოვრებლებთან. საკუთარ წარმატებად ვთვლი იმასაც, რომ ვასწავლი ქართულ ენას, რითაც ოცნება ავიხდინე – მიუხედავად იმისა რომ იურისტი ვარ, მასწავლებლობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო“, – ამბობს ორხან მამედოვი, რომელიც აქტიურად ზრუნავს მოსწავლეებზე როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური აქტივობებითაც: „გვაქვს ახალგაზრდული ცენტრი და იქ ვატარებთ სხვადასხვა კურსებს, როლურ თამაშებს და არაფორმალურ აქტივობებს. ცენტრში ასამდე ახალგაზრდას და მათ მშობლებს, ვისაც სურს, ვეხმარებით ქართული ენის შესწავლაში“. პედაგოგს სურს, ბავშვებს კიდევ უფრო ეფექტიანი გარემო და რესურსი ჰქონდეთ იმისათვის, რომ ქართული ენა უკეთ ისწავლონ.
ორხან მამედოვი დარწმუნებულია, რომ არაქართულენოვან სკოლების მხარდამჭერი პროექტი უდიდესი შედეგის მომტანია, რადგან ქართულის სწავლებით დაინტერესებული არიან არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი მშობლებიც: „დღეს, ჩემი პროფესია იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსწავლეები განვითარდნენ, იყვნენ უფრო მეტად აქტიურები და გამოადგნენ როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს ქვეყანას.
უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩვენი რეგიონის ბევრი კურსდამთავრებული სწავლობს. დღეს ისინი წარმატებული მოქალაქეები არიან, მათგან ბევრი საჯარო სამსახურში მუშაობს, ხშირად მოდიან სოფელში და გვეხმარებიან სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. ამ პროექტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა მათ განვითარებაში, ისწავლეს სახელმწიფო ენა და იციან მთავარი – იციან საკუთარი უფლებები!“