სოფიო ძიგრაშვილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების უფლებების დაცვისთვის 2008 წლიდან თანამშრომლობდა საჯარო სკოლებთან. 2019 წლიდან კი თავად დაიწყო მუშაობა ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად, რამაც უფრო ნათლად დაანახა მოსწავლეების საჭიროებები და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა.
სასწავლო პროცესში ბევრი გამოწვევა შეხვდა, თუმცა კოლეგებისა და მშობლების დახმარებით შეძლო საგანმანათლებლო კლიმატის გაუმჯობესება.
„მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ჩართვა, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, საგნის მასწავლებელთა მხრიდან მორგებული აქტივობისა და რესურსის შემუშავება. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სასკოლო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით, დავგეგმე და დღესაც ვახორციელებ შეხვედრებს პედაგოგებთან ინკლუზიური განათლების არსის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნისა და განხორციელების საკითხებთან მიმართებით. პარალელურად ჩამოვაყალიბე სკოლაში მშობელთა კლუბი. კლუბის ფარგლებში, კლასების მიხედვით ვხვდები მშობლებს და განვიხილავთ ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს, ბრაზისა და ემოციის მართვას, პოზიტიური მშობლობის არსს, ქცევის პოზიტიური განმტკიცების მეთოდებს. ამ ეტაპზე სკოლა ჩართულია ზოგადი განათლების რეფორმაში, კათედრებთან ერთად ვმუშაობთ კომპლექსური დავალების დანერგვის საკითხებზე“, – ამბობს პედაგოგი.
სასწავლო პროცესში ყველაზე რთული ეტაპი პანდემიის პირობებში დადგა, თუმცა მშობლებთან და კოლეგებთან თანამშრომლობით მოახერხა გამოწვევების დაძლევა და მიმდინარე პროცესებთან ადაპტირება.
„ონლაინ სწავლების დროს განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები. ნაწილი არ ფლობდა ტექნიკურ უნარებს, არ იცოდნენ როგორ გამოეყენებინათ კომპიუტერი გაკვეთილზე დასწრების მიზნით, ნაწილს არ ჰყოფნიდა ნებელობა და ა.შ. მშობლებთან ინტენსიური შეხვედრები გავმართეთ, მათ ვასწავლეთ, თუ როგორ დასწრებოდა მოსწავლე გაკვეთილს. იყო შემთხვევები, ამობეჭდილ მასალას ვაწვდიდით მშობელს და სათანადო რეკომენდაციებით ვააქტიურებდით ბავშვს. გარდა აღნიშნულისა, დავიწყე მოძიება და მოსწავლის შესაძლებლობების მიხედვით შევქმენი ონლაინ რესურსები, რაც მეხმარებოდა საინტერესო გამეხადა გაკვეთილები და გამეზარდა მოსწავლის მოტივაცია“, – აცხადებს სოფიო ძიგრაშვილი.
პედაგოგი თვლის, რომ ბავშვებთან ურთიერთობა დიდი პასუხისმგებლობაა არა მარტო მათ წინაშე, არამედ ოჯახების წინაშე: „მნიშვნელოვანია ერთად ვირწმუნოთ, რომ შევძლებთ, განვვითარდებით, მივაღწევთ დასახულ მიზანს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან ურთიერთობისას იზრდები, როგორც პიროვნება. გიჩნდება მოტივაცია და თავს ვალდებულად თვლი შეცვალო გარემო, შექმნა სივრცე, სადაც ყველა თანასწორია, განურჩევლად შესაძლებლობისა“.
პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობას მოსწავლეების უფლებების დაცვასა და შესაძლებლობებით მდიდარი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში ხედავს, სადაც ყველა მოსწავლეს აქვს საკუთარი უნარების თანაბრად წარმოჩინებისა და გამოხატვის საშუალება.
„ჩემთვის მასწავლებლობა ნიშნავს პასუხისმგებლობას ჩემი მოსწავლეების, მათი ოჯახების, ქვეყნის წინაშე, თავდაუზოგავ მუშაობას ბავშვების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, სადაც ყველა მოსწავლეს აქვს განვითარების, საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენის, ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. სპეციალურ მასწავლებლებს ვურჩევდი, მოსწავლეების ირგვლივ შეკრიბონ მხარდამჭერი გუნდი: დირექციის, საგნის პედაგოგების, მშობლების, ფსიქოლოგებისა თუ სხვა დამხმარე სპეციალისტების სახით და ერთობლივი მუშაობით შეძლებენ შეცვალონ და უკეთესი გახადონ ბავშვების მომავალი“, – აცხადებს სოფიო ძიგრაშვილი.