„საქმე, რომელიც გიყვარს, არასოდეს არის რთული და დამღლელი, ბავშვებთან ურთიერთობით როგორ უნდა დაიღალო?!“ – აცხადებს თამარ მანუჩარაშვილი, რომელიც ქართულ ენას ჯერ დედოფლისწყაროს სოფელ საბათლოს სომხურენოვან მოსწავლეებს, ამჟამად კი მარნეულის სოფელ კაჩაგანის N1 საჯარო სკოლის აზერბაიჯანულენოვან ბავშვებს ასწავლის.
თამარ მანუჩარაშვილი მაძიებელი პედაგოგია. ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდა მან შარშან ჩააბარა. უფრო ადრე თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, რომლის დასრულებისთანავე წარმატებით გაიარა ტესტირება და გასაუბრება და „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ პროექტში დამხმარე მასწავლებლად ჩაერთო: „მერვე წელია მასწავლებელი ვარ და არც ერთი წელი არ ჰგავს ერთმანეთს“, – ამბობს პედაგოგი.
„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მასწავლებელი სრულიად უცხო გარემოში გავხდებოდი. ვცხოვრობ უცხო ოჯახში, რომელიც უკვე იმდენად მიყვარს, რომ თავს საკუთარ სახლში ვგრძნობ. ოჯახსა და მეგობრებს ძალიან ბევრი კილომეტრი მაშორებს, რაც ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ საქმე, რომელსაც ვაკეთებ და რომელიც ძალიან მიყვარს, საშუალებას მაძლევს, სხვას დავეხმარო და სწორედ ეს არის ამ ყველაფრის საფასური.
პირველი ნაბიჯები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში გადავდგი. სკოლაში, რომელიც ჩემი ჩამოყალიბების საწყისი გახდა, ეთნიკურად სომეხი ბავშვები სწავლობენ. თავდაპირველად უცნაურად მაშინებდა ყველა სიტყვა და ყველა ქმედება, რომელსაც ვაკეთებდი, რადგან ნდობის მოპოვება რთულია. საკუთარი თავისთვის ხშირად მიკითხავს: მზად ვარ? გავუძლებ? თუმცა, როცა უამრავი ბავშვი დგას შენს უკან, გელოდებიან, რომ შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც უნდა მისცე ის, რაც მათი ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია, უზარმაზარ ძალას პოულობ. სწორედ იქ გავიზარდე, იქ დაიწყო ყველა იმ უნარის განვითარება, რომელიც არ მქონდა, ან მქონდა და მის რეალიზებას ვერ ვახდენდი.
ყველაფერი, რაც იქ შევქმენი, ხუთი წლის შემდეგ დავტოვე და ეს ხუთწლიანი ისტორია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის N1 საჯარო სკოლაში გავაგრძელე. უკვე მესამე წელია ახალ ისტორიას იქ ვქმნი. რაც ამ წლების განმავლობაში მოტივაციას არ მაკარგვინებს, ის აქტივობებია, რომლებიც ბავშვებთან ერთად იგეგმება და იქმნება“, – ამბობს პედაგოგი და ახარებს, რომ საკუთარ მოსწავლეებთან ერთად შექმნილი პროექტები ადგილობრივ თემს გასცდა და მასში სხვებიც ჩაერთნენ. მიიჩნევს, რომ ქართული გარემო ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამაში კი სწორედ პროექტების განხორციელება ეხმარებათ: „დაინტერესება იმდენად დიდია, მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ ის ძალიან ეფექტიანი და ნაყოფიერი გამოვიდეს“.
ამ კუთხით პედაგოგს ყველაზე დიდ მიღწევად სკოლაში სამოქალაქო და ლიტერატურული კლუბები მიაჩნია. ამბობს, რომ სწორედ ასეთი პროექტებია საჭირო და აუცილებელი იმ სტიგმების დასამსხვრევად, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აწუხებთ: „ისინი ეცნობიან ქართველ მწერლებს, სვამენ უამრავ კითხვას და ელოდებიან პასუხს“, – იხსენებს პედაგოგი.
თამარ მანუჩარაშვილი: „რთულია, საკუთარ მიღწევად მიიწერო ის საქმე, რასაც აკეთებ, რადგან ეს შენი მიღწევა კი არა, მოვალეობაა. თუმცა ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ბავშვებისთვის სკოლის კედლების გარეთაც ვრჩები იმ ადამიანად, ვისაც ნდობას უცხადებენ.
ვგრძნობ, რომ ბავშვებისთვის დასაყრდენს წარმოვადგენ. ამიტომ ვცდილობ, მეტი ვიმუშაო საკუთარ თავზე, მეტად განვვითარდე, რათა მათთვის ქართული ენის შესწავლა კიდევ უფრო საინტერესო გავხადო. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ყველა ის მცდელობა, რასაც მათთვის ვახორციელებ, საკმარისი არ არის. საჭიროა ინტერესის კიდევ უფრო გაღვიძება, რადგან არაქართულენოვან გარემოში ხშირად მერყეობენ იმაზე, რეალურად რა არის უმჯობესი მათთვის და რატომ. ინტეგრაციის შიშს, რომელიც მათ აქვთ, პირველივე დღიდან ვებრძვი.
ხშირად მომისმენია ფრაზები: „რთულ საქმეს ხარ შეჭიდებული“, „არ გიჭირს, არ იღლები?“ პასუხი ერთი მაქვს. საქმე, რომელიც გიყვარს, არასოდეს არის რთული, არასოდეს არის დამღლელი, პასუხისმგებლობას ნამდვილად მოითხოვს, მაგრამ ბავშვებთან ურთიერთობით როგორ უნდა დაიღალო?!
ამ წლების განმავლობაში სრულად გავაცნობიერე საკუთარი მოვალეობა და ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის როლი. ყველაზე ღირებული შედეგი კი ბავშვების სიყვარული და ის დამოკიდებულებაა, რომელსაც მათ თვალებსა და ღიმილში ხედავ.
ჩემს ბავშვებთან ერთად მოუთმენლად ველოდები უნივერსიტეტში ჩასარიცხ ქულებს და მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ სულ მცირე წვლილი მათ წარმატებაში მეც მიმიძღვის. მიხარია, რომ ჩემი მოსწავლეების სახით ქვეყანას ეყოლება შემდგარი, ჭკვიანი თაობა, რომლებიც თავადაც იზრუნებენ ბავშვებზე და იმ ცოდნასა და გამოცდილებას გაუნაწილებენ, რომელიც მათ დასჭირდებათ“.