საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროს სოფო გორგოძესთან ერთად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულებს დისტანციურ ფორმატში შეხვდა და მათ წარმატება პირადად მიულოცა.
ეკატერინე დგებუაძემ პანდემიის პირობებში ოლიმპიადის ჩატარების უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, გამარჯვებულებს წარმატებები უსურვა და შეხვედრის მონაწილეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მინისტრის პირველმა მოადგილემ საუბრისას ოლიმპიადების ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ამ გზით მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის გამოვლენისა და თვითრეალიზების შესაძლებლობა ეძლევათ.
2020-2021 სასწავლო წლის ოლიმპიადაში 17 343 მოსწავლემ სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით მიიღო მონაწილეობა. აქედან, I ადგილზე გავიდა 16 მოსწავლე, II ადგილი 12-მა მოსწავლემ დაიკავა, III ადგილი კი 15 მოსწავლეს ერგო.
I, II და III ადგილის მფლობელი მოსწავლეები 1000, 700 და 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის, აქსესუარებისა და სმარტფონების სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ამასთან, ოლიმპიადის ფარგლებში IV-X ადგილებზე გასულ 85 მოსწავლეს შესაბამისი სიგელები გადაეცათ, ხოლო სკოლების რეიტინგული სიის სამეულში გასულმა 28 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ მადლობის სიგელი 36 ნომინაციაში მიიღო.
ოლიმპიადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და ის სასკოლო, რეგიონულ და დასკვნით ტურებს მოიცავდა. საკონკურსო ტურები შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები – ინგლისური, გერმანული, რუსული და ინფორმატიკა.
მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცა, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მშობლიურ – სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ – ენებზე მიეღოთ. ამასთან, ოლიმპიადის ფარგლებში, უსინათლო მოსწავლეების მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოფილია ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ტესტები.
2021 წლის ინფორმატიკის ოლიმპიადის ჩატარება საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერმა ასოციაციამ უზრუნველყო. ოლიმპიადა ორ ეტაპად, სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ინფორმატიკა, როგორც საგანი სკოლებში არ ისწავლება, თუმცა ოლიმპიადაში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის 200-მდე მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან 9 გამარჯვებული გამოვლინდა:
ინფორმატიკის ოლიმპიადაზე I, II და III ადგილის მფლობელ მოსწავლეებს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულების მსგავსად, 1000, 700 და 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები, ხოლო IV-X ადგილზე გასულ 18 მოსწავლეს შესაბამისი სიგელები გადაეცათ.
ონლაინ ღონისძიებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის დირექტორი გიორგი მანდარია, სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებს აქვთ.