საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ზაალ აბაშიძესთან ერთად, ვიკიკონკურსების შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში სამი კონკურსის – „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“, „ქართული მეცნიერება ვიკიპედიაში“ და „ქართული მეცნიერება უცხოენოვან (ინგლისურ) ვიკიპედიაში“ – გამარჯვებულები დააჯილდოვა. ღონისძიებას ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა.
ნუნუ
მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და ქართული
მეცნიერების შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით მსგავსი კონკურსების განხორციელების
მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ვიკიკონკურსის ფარგლებში
შექმნილი სტატიები განთავსებულია ვიკიპედიაში ქართულ და ინგლისურ ენებზე. შედეგად,
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მსოფლიო მასშტაბით აქვს შესაძლებლობა, მოიძიოს სანდო
წყაროზე დაფუძნებული კომპეტენტური ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების
პოპულარიზაციას როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ზაალ აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ვიკიკონკურსები სწორედ ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა - ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები იყვნენ საკონკურსო ნამუშევრების შემფასებლები და ჟიურის წევრები. მისი თქმით, კონკურსების ჩატარებით მიღებული შედეგები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქართველოლოგიური მეცნიერების ძირითადი მიღწევების პოპულარიზაციის კუთხით.
კონკურსის „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ ფარგლებში 58 სტატია შეიქმნა და 18 არსებული სტატია გაუმჯობესდა.
კონკურსის „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ ფარგლებში, ქართველოლოგიის დარგებისა და მათი მიღწევების შესახებ საუკეთესო ქართულენოვანი სტატიისთვის „რუსთველოლოგია“ I ადგილი იაკობ მახარაძემ დაიმსახურა. ქართველოლოგ მეცნიერთა შესახებ საუკეთესო ქართულენოვანი სტატიისთვის „გიორგი შარაშიძე“ ასევე I ადგილი მარიამ მახარაშვილს ერგო. II ადგილი აიღო იაკობ მახარაძემ სტატიისთვის „თედო სახოკია“. III ადგილი კი დიმიტრი იათაშვილმა დაიკავა სტატიისთვის „ფრანც ანტონ ფონ შიფნერი“.
ქართული ხელნაწერის შესახებ საუკეთესო ქართულენოვანი სტატიისთვის „ხეზე დაწერილი სვანური საბუთები“ I ადგილი ლუკა კარკაძემ დაიმსახურა. II ადგილი იოსებ სოსელიას ერგო სტატიისთვის „პავლე მოციქულის ეპისტოლეების ქართული ხელნაწერები“. III ადგილი აიღო ალექსანდრე ფოფხაძემ სტატიისთვის „სინური მრავალთავი“.
გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები – I ადგილის მფლობელებს 1000, მეორე ადგილზე გასულებს 800, ხოლო მესამე ადგილის მფლობელებს 500 ლარი გადაეცათ.
კონკურსში „ქართული მეცნიერება ვიკიპედიაში“ საქართველოს სამეცნიერო დარგების, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა და მათი მიღწევების შესახებ საუკეთესო ქართულენოვანი სტატიისთვის ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. ავტორი: იაკობ მახარაძე.
II ადგილი – პალეონტოლოგია. ავტორი: ალექსანდრე ფოფხაძე.
III ადგილი – სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი. ავტორი: გიორგი სოსელია.
ნომინაციაში – საუკეთესო ქართულენოვანი სტატია საქართველოს მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელთა შესახებ გამარჯვებული სტატიებია:
I ადგილი – შალვა ნუცუბიძე. ავტორი იაკობ მახარაძე.
II ადგილი – ვალერი სილოგავა. ავტორი: ლუკა კარკაძე.
კონკურსში „ქართული მეცნიერება უცხოენოვან (ინგლისურ) ვიკიპედიაში“ გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ:
ვიკიკონკურსები მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში ჩატარდა.