განათლებით ფილოლოგი თამარ გოგიტიძისთვის სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის ორწლიანი გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდა, რომ პროფესია შეჰყვარებოდა, შესაბამისი უნარები შეეძინა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსიც მოეპოვებინა.
„ორი წელია, რაც ვმუშაობ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე. თავდაპირველად ძალიან ვღელავდი, რადგან ეს ჩემთვის ნამდვილად გამოწვევა და უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ამ პროფესიის სიყვარულმა და მუშაობის სულ რაღაც ორწლიანმა გამოცდილებამ შემძინა საკმაო ცოდნა და წარმატებით ჩავაბარე სპეციალური მასწავლებლის გამოცდა“, – აცხადებს პედაგოგი.
სპეციალურ მასწავლებლად მუშაობა მოსწავლეების საზოგადოებასთან ინტეგრირებისა და მათი სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების სურვილმა გადააწყვეტინა.
„ყოველთვის მტკივნეული იყო ჩემთვის ის ფაქტი, როდესაც ვხვდებოდი ბავშვს, რომელსაც არ ჰქონდა წვდომა საგანმანათლებლო სივრცესთან და იყო იზოლირებული. ერთ-ერთი მიზეზი, სპეცპედაგოგი გავმხდარიყავი, იყო ის, რომ მეტად დავხმარებოდი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს საზოგადოებასთან ინტეგრირებასა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში“, – აცხადებს თამარ გოგიტიძე.
პედაგოგი იხსენებს შემთხვევას, როდესაც პირველ კლასელ მოსწავლესთან ერთთვიანი მუშაობის შედეგად წარმატებას მიაღწია და ხელი შეუწყო მოსწავლის სასწავლო პროცესში ინტეგრირებას: „იყო შემთხვევა, პირველ კლასში მოსწავლე ხშირად ტიროდა და აპროტესტებდა საკლასო ოთახში ყოფნას, დამრიგებელთან ერთად დავგეგმეთ სასწავლო პროცესი და მცირე დროში, სულ რაღაც ერთ თვეში, მოსწავლე სიამოვნებით ესწრებოდა ყველა გაკვეთილს და ერთვებოდა თანაკლასელებთან ერთად აქტივობებში. განსაკუთრებით მოსწონდა კვირის ის დღე, როდესაც მასწავლებელს შიდა საკლასო საქმიანობებში ეხმარებოდა“.
როგორც პედაგოგი აღნიშნავს, სასწავლო პროცესში გამოწვევები ძალიან ბერია, თუმცა განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაუჭირდათ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობა.
„როდესაც გადავედით ონლაინ სწავლებაზე, ბავშვებს მოუწიათ არასტრუქტურირებულ გარემოში სწავლის გაგრძელება. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ვღელავდი, რადგან უნდა მომეფიქრებინა და დამეგეგმა ისეთი აქტივობები, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლა ისეთივე საინტერესო და სახალისო ყოფილიყო, როგორც სკოლაში სწავლების დროს. საბედნიეროდ, მშობლების აქტიური ჩართულობითა და დახმარებით, ეს საკითხი მოვაგვარეთ და ვთვლი, რომ კონკრეტულ მოსწავლეებთან დასახული მიზნებით შევძელით შედეგზე გასვლა“, – აცხადებს სპეციალური მასწავლებელი.
თამარ გოგიტიძე თვლის, რომ პედაგოგის პროფესია მეტად საპასუხისმგებლო და საპატიო პროფესიაა, თუმცა სპეცმასწავლებლობა კიდევ უფრო მეტია: „ვფიქრობ, მეტად უნდა ხედავდე ბავშვების შინაგან სამყაროს, დაინახო და ჩასწვდე მათ ძლიერ მხარეებს და კიდევ უფრო განავითარო, უნდა გაითვალისწინო ყველა ის საჭიროება, რაც მათთვის სწავლებას უფრო მოქნილს და მორგებულს გახდის“.