სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორთან ნანა მაჭავარიანთან ერთად, კონკურსის „ანიდან ჰოემდე“ ქართული დიასპორის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. მოსწავლეებს, შესაბამისი ქვეყნების საელჩოების ჩართულობით, სხვადასხვა პრიზი, სამახსოვრო საჩუქრები და პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელისგან სერტიფიკატები გადაეცემათ. კონკურსს „ანიდან ჰოემდე“ ორგანიზება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა გაუწია.
ესეების კონკურსში საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ:
I ადგილი – ქეთევან მიქავა (უკრაინა, კიევი, ხელმძღვანელი ნანა ჩხაიძე)
II ადგილი – საბა ხარებავა (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)
III ადგილი – თემო ნიჟარაძე (დუბლინი, ირლანდია, ხელმძღვანელი ეკა ფეიქრიშვილი).
საუკეთესო ესეების ავტორებად დასახელდნენ:
ქეთევან კიკნაველიძე (ატლანტა, ამერიკა); სოფია კაკაბაძე (ყაზანი, რუსეთი, ხელმძღვანელი რუსუდან კაკაბაძე); მარიამ ღალეჩიანი (ერევანი, სომხეთი, ხელმძღვანელი ნინო სპანდერაშვილი) და დაჩი კასრაძე (დუბლინი, ირლანდია, ხელმძღვანელი ეკა ფეიქრიშვილი).
ვიდეორგოლების კონკურსის პრიზიორები გახდნენ:
I ადგილი – თომა უგულავა (ათენი, საბერძნეთი, ხელმძღვანელი ავთანდილ მიქაბერიძე)
II ადგილი – გიორგი ქუქჩიშვილი (სტამბოლი, თურქეთი, ხელმძღვანელი ეკატერინე ზასეშვილი)
III ადგილი – მადლენა ნაზარიანი (ერევანი, სომხეთი, ხელმძღვანელი ნინო სპანდერაშვილი)
საუკეთესო ვიდეორგოლების ავტორებად დასახელდნენ:
თომა ტლაშაძე (დუბლინი, ირლანდია - ხელმძღვანელები: ეკა ფეიქრიშვილი, ქეთი ჯიღაური) და მარიამ კონაკი (სტამბოლი, თურქეთი, ხელმძღვანელი ეკატერინე ზასეშვილი)
ქართული დიასპორის მოსწავლეთა დაჯილდოება, მიუხედავად დისტანციური ფორმატისა, ემოციურ ფონზე წარიმართა, რომელშიც კონკურსის ორგანიზატორებთან ერთად, სიტყვით წარდგნენ თავად კონკურსში მონაწილე მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელები. მათ სამინისტროს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს იმისათვის, რომ ემიგრანტ ბავშვებთან კავშირს არ წყვეტს.
ემიგრანტ ბავშვებს სიტყვით მიმართა მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მთელ გუნდს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, რომლებიც არ მოწყდნენ ქართულ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ სივრცეს.
„მინდა მივესალმო თითოეულ ბავშვს. თქვენი ასეთი აქტიურობა გვაძლევს მოტივაციას, უფრო საინტერესო პროექტები მოვიფიქროთ. თქვენ ხართ ის თაობა, რომელთა ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსა თუ უცხოეთისთვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კონკურსის ინიციატორებს. სამინისტრო ნამდვილად მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ადრეულ ასაკში დააახლოოს სკოლა მეცნიერებასთან. წელს ამ მიმართულებით უამრავი ღონისძიება ჩატარდა და მომავალშიც არაერთი მსგავსი საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებს, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს კონკურსის განხორციელებაში. მან ასევე მადლობა გადაუხადა დიასპორების ალიანს გაწეული მხარდაჭერისათვის და ქართული დიასპორებისა და სათვისტომოების წარმომადგენლებს, მოსწავლეებს, მათ ოჯახებს, მათ ხელმძღვანელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც კონკურსში საკუთარი წვლილი შეიტანა.
ნუნუ მიცკევიჩი: „აღნიშნული პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციურია. გარდა მეცნიერების პოპულარიზაციისა, ის ჩვენი ანბანისა და დედაენის სიყვარულს, ჩვენგან დაშორებული ჩვენივე თანამემამულეების მასთან კიდევ უფრო ახლოს მისვლას ემსახურებოდა.
დარწმუნებული ვარ, იმ მოსწავლეებმა, რომლებიც ამ კონკურსში ჩაერთნენ, კიდევ უფრო მეტი გაიგეს ჩვენი ანბანის შესახებ და ის აღიარება, რაც დღეს მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის სახით ჩვენმა ანბანმა მოიპოვა იუნესკოსგან, მათ კიდევ უფრო კარგად გააცნობიერეს.
მიმაჩნია, რომ ამ კონკურსში ყველა გამარჯვებულია, რადგან ძალიან ემოციურია თქვენი თითოეული ჩანაწერი, თითოეული მონაწილის ესე და ვიდეორგოლი“.
კონკურსის „ანიდან ჰოემდე“ მიზანი იყო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში ქართული მეცნიერების პოპულარიზაცია, მის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქართული ენის ცოდნის განმტკიცება, ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან მათი დაახლოება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო-პოპულარული ტრენინგი ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ქართული ანბანის განვითარების საფეხურები, ისტორია, თეორიები. მსმენელებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ქართული ენის მართლწერა-მართლმეტყველების აქტუალურ თემებზე.
კონკურსი ორი ნომინაციისაგან შედგებოდა: ა) სამეცნიერო-პოპულარული ესეების ნომინაცია; ბ) სამეცნიერო-პოპულარული ვიდეორგოლების ნომინაცია. ნაშრომების შეფასება საკითხის ცოდნასთან ერთად ითვალისწინებდა ქართული ენის ცოდნის დონეს, თხრობის ორიგინალობას.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართული დიასპორის მოსწავლე-ახალგაზრდებმა არაერთი ქვეყნიდან: ამერიკა, ირლანდია, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი.