საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა 2022 წლის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და მათი განხორციელების პროცესში განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობაზე.
თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, განათლების ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპეციალისტებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით მუდმივად ზრუნავს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების გაუმჯობესებაზე, მათ ღიაობასა და გამჭვირვალობაზე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის მიმდინარე თემები, რომლებზეც ცენტრი ყველა ჩართულ მხარესთან ერთად აქტიურად მუშაობს: კლასტერული აკრედიტაციის მოდელის დანერგვა, რაც გულისხმობს აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების არსებით განახლებას; სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებისთვის დამატებითი კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავება, რათა სრულყოფილად და უფრო სიღრმისეულად მოხდეს სადოქტორო პროგრამების შეფასება; აკრედიტაციის პროცესებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის გაზრდა; ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსების სრულყოფა და განვითარება; მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის განვითარება და სხვა.
სამდღიანი კონფერენციის პირველი დღე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ისეთ საკითხებს დაეთმო, როგორებიცაა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა გარე ხარისხის უზრუნველყოფის მეშვეობით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების 2021 წლის შედეგების შეჯამება და სამომავლო პერსპექტივები, კლინიკური სწავლების მნიშვნელობა: სტუდენტების, პაციენტებისა და პედაგოგების თანაფარდობასთან დაკავშირებული გამოწვევები, მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის განახლება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) 2020 წლის სტანდარტების მიხედვით, ევროპული უმაღლესი განათლების სივრცე პანდემიის შემდეგ და ა.შ.
კონფერენციის მონაწილეების წინაშე სიტყვით ასევე წარდგა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, რომელმაც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრის საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტმა დევიდ გორდონმა, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წარმომადგენელმა გორან დაკოვიჩმა, ევროპის უმაღლესის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) დირექტორმა კოლინ ტაკმა, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) უმაღლესი განათლების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა მაიქლ გებელმა, ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) სადოქტორო განათლების საბჭოს თავმჯდომარემ ალექსანდერ ჰასგალმა, ევროპის სტუდენტთა გაერთიანების (ESU) წარმომადგენელმა მერალ ნურმა, არკანზასის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ პიჯანოვსკიმ, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის განათლების ინსტიტუტის პროფესორმა კარენ ეჯიმ, უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა, ავტორიზაციის, აკრედიტაციის, სააპელაციო საბჭოების წევრებმა, ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, სტუდენტებმა, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია სამი დღის განმავლობაში ონლაინ-რეჟიმში იმართება. კონფერენციის მეორე დღე, 27 იანვარი, ზოგადი განათლების საკითხების განხილვას დაეთმობა, ხოლო მესამე დღეს კი პროფესიული განათლების მიმართულებით იმსჯელებენ.