„ჩემი დიდი სურვილია, რომ ეთნიკური უმცირესობები სრულად ინტეგრირდნენ ქართულ საზოგადოებაში და დაუბრკოლებლად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და რეალიზება. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოც გააგრძელებს არჩეულ კურსს და ამ მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს“, – აცხადებს მირანდა იაკობიძე, რომელიც ქართულს, როგორც მეორე ენას წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს თითქმის ათი წელია ასწავლის. პარალელურად სახელმწიფო ენას მირანდა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ბენეფიციარებს, ხოლო პროგრამის „ქართული ენის დისტანციური სწავლების“ ფარგლებში ემიგრანტ ბავშვებს ასწავლის.
მირანდა იაკობიძის პედაგოგიური მოღვაწეობა და კარიერული წინსვლა სწორედ „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ პროგრამით იწყება. პროფესიით ფილოლოგს პროგრამამ შესაძლებლობა მისცა, სახელმწიფო დაფინანსებით ქართველური ენათმეცნიერების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამაზე ესწავლა. ამავე მიმართულებით ამჟამად ის დოქტორანტურის პირველ კურსზეა.
პედაგოგის პროფესიის არჩევის შემდეგ მირანდა იაკობიძის კარიერა მრავალმხრივ წარმატებული გახდა. 2012 წელს ის უფროსი, ხოლო 2019 წელს წამყვანი მასწავლებელი გახდა. კომპეტენცია დადასტურებული აქვს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII და I-VI კლასები), ქართულის, როგორც მეორე ენის, დაწყებით საფეხურსა (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) და სამოქალაქო განათლებაში. 2014 წელს მან ჩააბარა სკოლის დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდა, ხოლო 2021 წელს ასევე წარმატებით – სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.
„საქმე, რომელსაც ვემსახურები, ჩემთვის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და საამაყოა. მომავალშიც ამ მიმართულებით ვგეგმავ კარიერის გაგრძელებას. 24 წლის ასაკში მასწავლებლად სრულიად უცხო მხარესა და გარემოში წავედი. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები მასწავლებლის პროფესიაში, რამაც დიდი ცოდნა და გამოცდილება შემძინა. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის სომხურენოვან საჯარო სკოლაში მუშაობა ჩემთვის ძალიან კომფორტულია. გარშემო მეგობრული, შრომისმოყვარე, სიახლეებზე ორიენტირებული კოლექტივი და პროგრესულად მოაზროვნე დირექტორი გვყავს. ის ყველა იმ წამოწყებისა და ინიციატივის მხარდამჭერია, რომელიც მოსწავლეების საკეთილდღეოდ კეთდება.
სოფელმა ჩასვლის დღიდანვე შემითვისა და მათ წევრად მიმიღო. იქ ცხოვრება საშუალებას მაძლევს, დავუახლოვდე სოფლის მოსახლეობას, გავიგო, გავიზიარო მათი სიხარული, გასაჭირი და შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარო.
მიმაჩნია, რომ TPDC-ის პროგრამა „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“ და მისი თითოეული მონაწილე მეტად მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება იმით, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობას სახელმწიფო ენის შესწავლასა და ინტეგრაციაში ეხმარება“, – აცხადებს პედაგოგი, რომელიც 2020-2021 წლებში როგორც გაეროს ლტოლვილთა კომისარიატისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის პედაგოგი, ქართულ ენას, Microsoft Teams-ის პლატფორმით, საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილ და ლტოლვილობის მაძიებელ უცხოელ ბავშვებს ასწავლიდა.
„მოსწავლის აკადემიურ წარმატებას, მოტივაციასა და ქცევას მოსწავლე-მასწავლებელს შორის თბილი, მეგობრული ურთიერთობა განაპირობებს. სწავლებისას ვცდილობ, ჩემი მოსწავლეებისთვის ვიყო საიმედო მასწავლებელი, რომელიც მათ არა მხოლოდ სახელმწიფო ენას შეასწავლის, არამედ ყოველთვის მათი მხარდამჭერი და მოტივატორი იქნება.
ვცდილობ, საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ამით უფრო საინტერესო და სახალისო გავხადო სახელმწიფო ენის შესწავლა. დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მეხმარება ელექტრონული რესურსის გამოყენება. მოსწავლეები უფრო მეტად მოტივირებულები არიან და ხალისით სწავლობენ ქართულ ენას. საგაკვეთილო პროცესში შემაქვს არაფორმალური განათლების ელემენტები და ამით მას უფრო საინტერესოს ვხდი. ჩემი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში არაერთი ექსკურსიის ორგანიზება შევძელი. მიხარია, რომ მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა მხარე გაიცნეს.
განსაკუთრებულად მეამაყება ჩემი თითოეული მოსწავლე, რომლებიც სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარების განვითარებას ქართულ უნივერსიტეტში ცდილობენ. მჯერა, ისინი სათანადო თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილები დაუბრუნდებიან რაიონს და თავიანთ პროფესიაში რეალიზებულნი გახდებიან, მონაწილეობას მიიღებენ რაიონისა და სოფლის განვითარებაში“, – აცხადებს მირანდა იაკობიძე.
გარდა მოსწავლეებისა, პედაგოგი სახელმწიფო ენის შესწავლასა და პროფესიულ განვითარებაში ადგილობრივ პედაგოგებსაც ეხმარება. მისი ხელშეწყობით რამდენიმე ადგილობრივმა კოლეგამ უკვე გაიარა „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამის“ კურსი და სახელმწიფო ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატიც მოიპოვა.
„საგრძნობლად გაიზარდა პედაგოგების მოტივაცია სახელმწიფო ენის სწავლისა და პროფესიული წინსვლის მხრივ. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის პროგრამას და მის თითოეულ კონსულტანტ-მასწავლებელს. ჩემი კოლეგებიდან რამდენიმემ უკვე შეიცვალა სტატუსი, რაც ძალიან მახარებს. მათი მაგალითი ძალიან კარგი მოტივატორი აღმოჩნდა დანარჩენებისთვის და ისინიც ცდილობენ დაწინაურებას“, – ამბობს პედაგოგი.
დისტანციური სწავლების მიმართულებით პედაგოგს ძალიან დაეხმარა „ქართული ენის დისტანციური სწავლების“ პროგრამა, რომლის ფარგლებში 2017 წლიდან ონლაინ, Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით, ქართულ ენას საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს ასწავლის.
„ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა. ონლაინ სწავლებისას აღნიშნული პროგრამის არსებობის განმავლობაში შექმნილ რესურსებს ვიყენებდი და ვცდილობდი, ჩემი მოსწავლეებისთვის უფრო იოლი და საინტერესო გამეხადა ახლებური ფორმატით მეცადინეობა. მშობლებმა გამოიჩინეს დიდი პასუხისმგებლობა და თითოეული მოსწავლე რეგულარულად ერთვებოდა საგაკვეთილო პროცესში. ვფიქრობ, ამ გამოწვევას ჩემს მოსწავლეებთან ერთად წარმატებით გავართვი თავი და პროგრამაც დავძლიეთ.
მინდა, რომ ეთნიკური უმცირესობა სრულად ინტეგრირდეს ქართულ საზოგადოებაში და დაუბრკოლებლად შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და რეალიზება. იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო გააგრძელებს არჩეულ კურსს და კიდევ უფრო ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით“.