სომხურ-აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებს ლალი მარგიანი მეხუთე წელია ქართულ ენას ასწავლის. სკოლაში მისვლის პირველივე დღიდან მიზნად დაისახა, რომ ბავშვებისთვის საქართველო ჯერ თავისი კულტურით, მწერლობითა და ხელოვნებით გაეცნო. ფიქრობს, რომ მიზანს მიაღწია, მისი მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულები არიან.
ლალი მარგიანი: „სკოლაში საოცარი პედაგოგები მყავდა და სწორედ ამიტომ მომავალი პროფესიის ასარჩევად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია. ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის საზრდო, ჰაერია, რომლის გარეშეც ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობა ჩემი დიდი ხნის, რეალურად, ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც 2017 წელს, „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის“ პროგრამაში მოხვედრით ამიხდა.
მე-5 წელია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის სომხურ-აზერბაიჯანულ სკოლაში ვასწავლი. პირველივე დღიდან მიზნად დავისახე, ბავშვებისთვის როგორც ვირტუალურად, ისე ექსკურსიებით ჯერ საქართველოს კულტურა, მწერლობა და ხელოვნება გამეცნო და, რაც მთავარია, მათი ქართველებთან ინტეგრაცია მომეხდინა. ამ მიზნით სამდღიანი ტურით სვანეთში ექსკურსიაზე წავიყვანე, დმანისში პირველი ევროპელები „გავაცანი“, მოვინახულეთ სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმი, უფლისციხე, ვანში – გალაკტიონისა და ტიციანის, ცაგერში – ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი. დავმეგობრდით ცაგერის საჯარო სკოლასთან, წეროვანის მე-2 საჯარო და ბოლნისის სოფელ დისველის სკოლასთან. ცხადია, ყველა ექსკურსიას წინ უძღოდა შესაბამისი აქტივობები.
პარალელურად, მოსწავლეებს ვაცნობდი საინტერესო ადამიანებს. სკოლის განუყრელი მეგობარი გახდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე.
სახლში, რომელშიც ვცხოვრობ, პეპის „ვილა ხოჟორნი“ მოვაწყვეთ და საინტერესო აქტივობები განვახორციელეთ. მოწვეული გვყავდა ჩემი კოლეგა ხარაგაულიდან სამი მოსწავლით. ეს დაუვიწყარი და წარმოუდგენლად სასიამოვნო დღეები იყო ბავშვების ცხოვრებაში“, – იხსენებს წამყვანი პედაგოგი ლალი მარგიანი, რომელიც სიხარულით აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა უმეტესობას დღეს ქართულ ენაზე უკვე შეუძლია საკუთარი აზრის უპრობლემოდ ჩამოყალიბება, წიგნების კითხვა თუ თემების წერა.
ლალი მარგიანი: „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის ხუთეულის წევრმა, მესტიელმა ეკატერინე წულუკიძემ გამოაცხადა კონკურსი სახელწოდებით ,,ჩემი პირველი მოთხრობა“. წიგნში „შტრიხების მონოპოლია“ ჩემი 7 მოსწავლის მოთხრობაც მოხვდა. ეკატერინეს ციფრულ პროექტში შარშანაც მყავდნენ ჩართული მოსწავლეები. მას წელსაც აქვს პროექტი “STREAM სამყარო“, რომელშიც ჩემი ორი მოსწავლე კვლავ მონაწილეობს.
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა და კულტურის ცენტრი ყოველ წელს საინტერესო პროექტებს სთავაზობს არაქართულენოვან სკოლებს, რომელშიც მუდამ ვმონაწილეობთ. პირველი წარმატება კი სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის ქსელური პროექტით დაიწყო, საიდანაც მასწავლებელთა ასოციაციის სამი პროექტის სერტიფიკატი და დიპლომი მოვიპოვეთ როგორც ბავშვებმა, ასევე სკოლამ და პირადად მე“.
პედაგოგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მარნეულის რესურსცენტრი, მერია, ბიბლიოთეკა და კულტურის ცენტრი ყოველთვის გვერდით უდგას: „მათი დახმარებით ქართველი პოეტი, ტარიელ ხარხელაური მარნეულში მოვიწვიე და სხვა სკოლებიც ჩავრთე ღონისძიებაში. გამუდმებით ვცდილობ საქართველო უფრო მეტ ადამიანს გავაცნო“, - ამბობს პედაგოგი. იგი ამაყობს, რომ პირველად სწორედ მისი მასწავლებლობის პერიოდში წავიდნენ ხოჯორნელი მოსწავლეები ანაკლიასა და ქუთაისის რობოტექნიკის ბანაკებში.
„მუდამ ვცდილობ, მოსწავლეებში სხვადასხვა ნიჭი და უნარები აღმოვაჩინო. გასულ წელს ჩვენი სკოლის მოსწავლე სიმღერის ონლაინკონკურსში ჩავრთე ქართული სიმღერით და ჟიურის რჩეული გახდა, შემდეგ „იმერეთის ხმის“ ლაურეატი, ხოლო ზაფხულში ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ გამარჯვებული და ქვემო ქართლის გუბერნიის რჩეული.
არაფორმალური განათლების კუთხით, ჩემი პროექტი „ციფრული წიგნიერება თანამედროვეობის გამოწვევა“ ჯერ 5022 ლარით დაფინანსდა, ხოლო გასული წლის დეკემბერში ათ საუკეთესო სკოლას შორის მოხვდა“, – აცხადებს პედაგოგი, რომელიც მოსწავლეებთან ერთად, ქართულ ენას მასწავლებლებსაც ასწავლის.
„არ შეიძლება არ ვთქვა, რაც ჩემი პედაგოგიური საქმიანობიდან გამომდინარე დავასკვენი: თუ მასწავლებელს უპირველესად არ ჰყავს მხარდამჭერი სკოლის ხელმძღვანელის სახით, რაც უნდა ეცადოს, წარმატებული ვერ იქნება. მე ამ მხრივ მიმართლებდა სხვა სკოლებშიც და გამიმართლა აქაც!“ – აცხადებს ლალი მარგიანი.
დისტანციური სწავლის პერიოდზე პედაგოგი ჰყვება, რომ გარკვეული სირთულე ჰქონდათ, მაგრამ დიდი შრომისა და მონდომების ფასად ონლაინრეჟიმშიც ბევრი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა განახორციელეს.
„ზოგჯერ მგონია, რომ კონსულტანტ-მასწავლებლები უხილავი მისიონერები ვართ. ასეთი შედარება ჩემგან არათავმდაბლურია, მაგრამ მერწმუნეთ, უზარმაზარ საქმეს ვაკეთებთ ქვეყნისთვის, ეთნიკურ უმცირესობებს არა მხოლოდ სახელმწიფო ენის შესწავლაში, უამრავი სხვა საკითხის გადაჭრაში ვეხმარებით.
ის ფაქტი, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღეს შენს მოსწავლეებს იცნობენ, კომუნიკაცია აქვთ უამრავ ქართველთან და მოსწავლე გეუბნება, რომ ქართული შენ შეაყვარე, მიმაჩნია, რომ უკვე წარმატებაა! ჩემი რამდენიმე მოსწავლე უკვე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია. ზოგმა პროფესიულ კოლეჯში ჩააბარა“, – ამბობს პედაგოგი.
ყველაფრის მიუხედავად, ლალი მარგიანს მიაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო არაქართულენოვან რეგიონებში ენობრივი ბარიერის დასაძლევად, რადგან, მართალია, საბაზო და საშუალო საფეხურებზე ბავშვებმა წერა-კითხვა იციან, მაგრამ საუბარი უჭირთ. მოსწავლეების უმეტესობა სწავლობს, მაგრამ გაკვეთილის ჩარჩოს ვერ სცდება. შესაბამისად, უფრო შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო, მრავალფეროვანი აქტივობებით: „როგორც მოსწავლემ, ისე მშობელმა, დასაწყისშივე უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ენის შესწავლა მათი მომავალი წარმატების საწინდარი იქნება“.