გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ზეინაბ ბერაძე ქართულ ენას უკვე 13 წელია ასწავლის. მისი მოსწავლეები წარმატებულები არიან როგორც ოლიმპიადებში, ასევე სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში. ზეინაბ ბერაძის აზრით, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც მასწავლებელს მონდომებული, მოტივირებული მოსწავლეები და შვილების წარმატებით მადლიერი მშობლები ჰყავს.
ზეინაბ ბერაძის პედაგოგიური საქმიანობა 25 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში მან კომპეტენცია ხუთ საგანში დაადასტურა. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შემოღების პირველივე წელს მან ერთდროულად ორი საგანი ჩააბარა – ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII) და დაწყებით საფეხური (I-IV კლასები). 2012 წელს ასევე წარმატებით დაძლია საგანი ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI). 2014 წელს ის უკვე ქართულის, როგორც მეორე ენის სერტიფიცირებული პედაგოგი გახდა. 2018 წელს წამყვანი პედაგოგის სტატუსი მიენიჭა. საკუთარ კარიერაში ზეინაბ ბერაძეს მნიშვნელოვან ეტაპად მიაჩნია ასევე დაწყებითი განათლების პროგრამაში (G-Pried) მოხვედრა და წიგნიერების ტრენერად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება.
„არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამაში“ კონსულტანტ-მასწავლებელი ზეინაბ ბერაძე მისი დაწყების დღიდან მონაწილეობს:
„არაქართულენოვან სკოლაში ამ პროგრამაში მოხვედრამდეც ვასწავლიდი. შესაბამისად, ზედმიწევნით ვიცნობდი ასეთი სკოლების გამოწვევებს. როდესაც პროგრამის შესახებ პირველად შევიტყვე, ძალიან გამიხარდა, რომ არსებული მოცემულობის შეცვლის შესაძლებლობა გაჩნდა. მიხარია, რომ ამ შესანიშნავი, პროფესიონალი და საქმეზე ორიენტირებული გუნდის წევრი გავხდი და დღესაც ვარ“, – აცხადებს პედაგოგი, რომელიც კვალიფიციურ და გამოცდილ ჯგუფთან ერთად არაქართულენოვანი სკოლების V-VII კლასების გრიფირებული სახელმძღვანელოების თანაავტორია.
პედაგოგი მიიჩნევს, რომ „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ დაარსებიდან დღემდე არაერთი მრავალფეროვანი პროექტი განხორციელდა: ჩატარდა ტრენინგები, შემაჯამებელი კონფერენციები, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა პედაგოგთა პროფესიულ ზრდაზე და სასწავლო პროცესზე პოზიტიურად აისახა.
„მუშაობის პროცესში დღეს გაცილებით ნაკლები გამოწვევა მხვდება. პროგრამის დამსახურებით სკოლებში თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. თუ ადრე საკლასო ოთახის კარი კოლეგებისათვის დახურული იყო, ახლა თავისუფლად ვესწრებით ერთმანეთის გაკვეთილებს, სამუშაო შეხვედრებზე განვიხილავთ ხარვეზებს და ერთობლივად ვსახავთ დაძლევის გზებს. ვიზიარებთ ერთმანეთის გამოცდილებას და საჭიროებისამებრ ვარგებთ საკუთარ კლასებს. ამიტომაცაა, რომ ჩვენი სკოლის მასწავლებელთ უმეტესობას უფროსის, ხოლო რვას – წამყვანის სტატუსი მიენიჭა. ადგილობრივ მასწავლებლებს სტატუსის ცვლილებაში უდავოდ დაეხმარა ქართული ენის კურსი, რომელსაც პროგრამის ფარგლებში თავად ვუტარებ.
ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად მაინც ქართულად ამეტყველებული, მოტივირებული მოსწავლე მიმაჩნია, მოსწავლე, რომელსაც არ ეშინია კრიტიკული აზრის თავისუფლად გამოთქმის, არ ეშინია შეცდომის დაშვების და იცის, რომ მასწავლებელიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც შეუძლია ენდოს და საკუთარი წუხილი გაუზიაროს.
მიხარია, რომ თუ დასაწყისში მოსწავლეებთან კომუნიკაციის დასამყარებლად მიმიკა-ჟესტიკულაციის გამოყენება მჭირდებოდა, ახლა თავისუფლად ვსაუბრობთ სხვადასხვა საინტერესო თემაზე. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის მოგზაურობის დღიურის ჩანაწერები მეშვიდე კლასის გრიფირებულ სასკოლო სახელმძღვანელოშიც კი შევიტანეთ.
ჩემი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ პროექტებში, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში. არაფორმალურ გარემოში ეცნობიან სამშობლოს, სხვადასხვა ეროვნების ადამიანების კულტურასა და ტრადიციებს. მათ აღარ უჩნდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლის გაგრძელების სურვილი.
საამაყოა, რომ სწორედ ქართული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები საქმდებიან სხვადასხვა პოზიციაზე საჯარო თუ კერძო სექტორში და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი მოსწავლეები სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, უყვართ სამშობლო და ზუსტად იციან, რომ ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა.
არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც ხედავ მონდომებული მოსწავლის თვალებსა და შვილის წარმატებებით მადლიერ მშობელს. ჩვენ, პროგრამის ყველა მონაწილე, ვემსახურებით ერთ დიდ საქმეს – სრულფასოვანი, ტოლერანტი, სამშობლოს მოყვარული მომავალი თაობის აღზრდას. სწორედ ასეთი ღირებულებებით აღჭურვილი მოქალაქეები აშენებენ ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყანას“, – აცხადებს პედაგოგი.
დისტანციურ სწავლებაზე საუბრისას ზეინაბ ბერაძე ამბობს, რომ სწავლების ამ ფორმას აქვს როგორც უარყოფითი, ასევე, დადებითი მხარეები:
„ყველაზე დადებით მხარედ ის მიმაჩნია, რომ მაქვს შესაძლებლობა, სასწავლო პროცესში გამოვიყენო ყველა საჭირო ელექტრონული თუ სხვა თვალსაჩინო რესურსი, რაც გაცილებით მიადვილებს მუშაობას. ჩემი აზრით, სწავლებას საინტერესოსა და მიმზიდველს კომპიუტერებითა და ინტერნეტით აღჭურვილი სასწავლო გარემო ხდის“, – აცხადებს პედაგოგი.