საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამები, საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ხარისხიანი ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ სამინისტროს მხრიდან ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად გატარებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2022 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლესი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯია დაგეგმილი, მათ შორის, საერთაშორისო დოკუმენტებთან ჰარმონიზაციის მიზნით, უმაღლესი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების რევიზია განხორციელდება.
სამომავლო გეგმების განხილვისას ხაზი გაესვა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინკლუზიური განათლების კომპონენტის კვლევის, სსსმ სტუდენტების საჭიროებების გამოვლენისა და მათზე რეაგირების რეკომენდაციების შემუშავების მნიშვნელობას. ამ მექანიზმების ჩამოყალიბება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი, თანასწორი და სამართლიანი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
ერაზმუს +-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი პროგრამა მომზადდა, რომელიც სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სტუდენტთა სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პლატფორმის შექმნას ითვალისწინებს.
ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პლატფორმა მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას, პერსონალის მომზადებას, სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური სერვისის მოდელის ფორმირებას, გაიდლაინებისა და პროფესიული ეთიკური ჩარჩოს შემუშავებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.