დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე კოლეჯ „იკაროსს“ ეწვია და შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის შექმნილ სასწავლო გარემოსა და სწავლების პროცესს გაეცნო.
კოლეჯი „იკაროსი“ 2014 წლიდან არის ჩართული ინკლუზიური პროფესიული განათლების პროგრამის განხორციელებაში და უკვე 200-ზე მეტი სსსმ და შშმ კურსდამთავრებული ჰყავს კულინარიისა და სარესტორნო საქმის მიმართულებით. კოლეჯში ხარისხიანი ინკლუზიური პროფესიული განათლების მისაწოდებლად შესაბამისი სასწავლო გარემოა შექმნილი და თავად პროგრამებიც სტუდენტთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებზეა მორგებული. კოლეჯი დამატებითი აქტივობებითა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით, ხელს უწყობს სტუდენტებს პროფესიის ათვისებასა და დასაქმებაში. კოლეჯის კურსდამთავრებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დასაქმებულნი არიან რესტორნებში, სასტუმროებსა და კვების ობიექტებზე.
კოლეჯში სსსმ და შშმ სტუდენტებისთვის ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მასტერკლასებიც იმართება, აპლიკანტები მონაწილეობენ ფესტივალებში, სასწავლებელს ჰყავს სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
აკაკი ცანკაშვილი პროფესიული კოლეჯის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია, რომელიც კონდიტერის სპეციალობას ეუფლება. მიმდინარე წელს აკაკიმ პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, გამართულ კონდიტერთა საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მესამე ადგილი დაიკავა, იგი ასევე მიწვეულია სატელევიზიო შოუში „მასტერ-შეფი“.
ვალერიან გობრონიძის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემაში 2013 წლიდან დაიწყო. დღეს პროფესიული განათლება შშმ და სსსმ პირებისთვის ხელმისაწვდომია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში მთელი საქართველოს მასშტაბით. პროფესიულ პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების ჩარიცხვა ალტერნატიული გზით ხორციელდება და აღნიშნული პროცედურა სრულად მორგებულია პირის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სსსმ და შშმ პროფესიული სტუდენტებისთვის განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა, კერძოდ, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის, სასწავლო პროცესის ასისტენტის, ინდივიდუალური ასისტენტის, ჟესტური ენის თარჯიმნის, ორიენტაციისა და მობილობის სპეციალისტის მომსახურება, ადაპტირებული სასწავლო მასალა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ტრანსპორტირება და სხვა.