ლადო ნაფეტვარიძე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის“ მფლობელია. მისი კვლევა სახელმწიფო მართვის პროცესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საკითხს ეხება. ახალგაზრდა მეცნიერი კვლევის ფარგლებში გეგმავს ორი წლის განმავლობაში ციფრული მმართველობის ადგილობრივი და საერთაშორისო მაგალითები შეისწავლოს, მიღებული შედეგების საფუძველზე კი ქართულ რეალობაზე მორგებული რეკომენდაციები შეიმუშაოს.
„ფონდმა მომცა შესაძლებლობა ვიკვლიო ძალიან საინტერესო და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანი საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ კვლევის პროცესი ხანგრძლივი და შრომატევადი საქმიანობაა, როგორც წესი, ახალგაზრდა მეცნიერისთვის შეუძლებელია მხოლოდ ენთუზიაზმით მუშაობა. აქედან გამომდინარე, ფონდის კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის რეალურად უდიდესი სტიმულია მკვლევრებისთვის, რომ მათ თავი დაიმკვიდრონ მეცნიერებაში და შეძლონ როგორც საკუთარი კარიერისთვის, ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარება“, – აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერი.
ლადო ნაფეტვარიძე ტექნოლოგიური პროგრესით ჯერ კიდევ სასკოლო ასაკში დაინტერესდა. აკვირდებოდა, თუ როგორ ცვლიდა თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიურობას ყველა დონეზე, იქნებოდა ეს კომუნიკაცია მეგობრებს შორის, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესი. მოგვიანებით, 2012 წელს, პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო თემის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცა, ეკვლია ელექტრონული, ანუ ციფრული მმართველობის დანერგვის საკითხები საქართველოში.
„კვლევის დაწყებისთანავე აღმოვაჩინე, რომ რეალურად ძალიან დიდ სფეროსთან მქონდა საქმე, რომელიც ისეთ დისციპლინებს კვეთდა, როგორებიცაა: პოლიტიკის მეცნიერება, საჯარო მმართველობა, ციფრული ტექნოლოგიები, ეკონომიკა, სოციოლოგია და ა.შ. გარდა იმისა, რომ დარგი არის მულტიდისციპლინური, ის ტექნოლოგიების განვითარების ტემპით ვითარდება და ძალიან რთულია სამეცნიერო საზოგადოება არ ჩამორჩეს მას. მაგალითად, თუ 2012 წელს ელექტრონული მმართველობის სამეცნიერო შესწავლის ფარგლებში შესაძლებელი იყო გვეკვლია, თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმები, შემდგომი წლებიდან ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, დღის წესრიგში ბლოკჩეინ სისტემები და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პოლიტიკა დადგა.
ჩემი პროექტი სახელწოდებით: „ხელოვნური ინტელექტი სახელმწიფოს მართვის პროცესში“, არის კვლევა, რომლის ფარგლებში, მოხდება ხელოვნური ინტელექტის შესახებ არსებული თანამედროვე ლიტერატურის დამუშავება, შესაბამისი თეორიული ჩარჩოს განსაზღვრა და წინასწარ შემუშავებული კვლევითი ინსტრუმენტის მიხედვით, ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო მმართველობის პროცესში AI ტექნოლოგიის დანერგვის შესწავლა, მიღებული შედეგების ქართულ რეალობასთან შედარება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია როგორც ინგლისურენოვანი სამეცნიერო სტატია, რომელიც გამოქვეყნდება მაღალრეიტინგულ ჟურნალში, ასევე, ქართულენოვანი მასშტაბური მონოგრაფია. ქართულენოვანი ლიტერატურა გარკვეულწილად შეავსებს იმ დეფიციტს, რაც დღეს არსებობს აკადემიურ წრეებში“, – აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერი.
ახალგაზრდა მეცნიერი ფიქრობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების სახელმწიფო მართვის პროცესში ინტეგრაცია მრავალ განსხვავებულ დისციპლინას მოიცავს და ყოველი მათგანი თანაბარი მნიშვნელობისაა პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის. იმისთვის, რომ მოხდეს წარუმატებლობის რისკების მინიმუმამდე დაყვანა, უმნიშვნელოვანესია, არსებული გამოცდილების შესწავლა და გათვალისწინება. მისი პროექტის ფარგლებში კი განხილული იქნება, როგორც წარმატებული, ასევე, წარუმატებელი მაგალითები, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის, თავიდან იქნეს აცილებული ის შეცდომები, რაც სხვა ქვეყნებმა თანამედროვე ტექნოლოგიების საჯარო მმართველობის პროცესში დანერგვის დროს დაუშვეს.
„იმისთვის, რომ კონკრეტული ციფრული საჯარო სერვისი წარმატებით დაინერგოს, საჭიროა არამხოლოდ ტექნოლოგიურად გამართული აპლიკაცია, არამედ ქვეყანაში არსებული ინტერნეტ ინფრასტრუქტურის შესწავლა და შეფასება, საზოგადოების მზაობის განსაზღვრა, ცნობიერების დონის ამაღლება და ა.შ. თუ პროცესში რომელიმე კომპონენტის გათვალისწინება ვერ მოხერხდება, ამან შეიძლება ჯაჭვისებური ნეგატიური ეფექტი მოახდინოს და, საბოლოოდ, ციფრული სერვისის დანერგვა, რაც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, წარუმატებელი აღმოჩნდეს,“ – განაცხადა ლადო ნაფეტვარიძემ.
ლადო ნაფეტვარიძე 2012 წლიდან აქტიურადა ჩართული როგორც სამეცნიერო კვლევით, ასევე, საგანმანათლებლო საქმიანობაში. 2013 წელს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის შექმნა სასწავლო სილაბუსი სახელწოდებით: „ელექტრონული მმართველობა – თეორია და პრაქტიკა“. გარდა ამისა, აქვს ათამდე სამეცნიერო პუბლიკაცია და თანამშრომლობს ოთხ სხვადასხვა უნივერსიტეტთან.
„მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ათზე მეტ სამეცნიერო ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში მიმიღია მონაწილეობა და მაქვს ასევე ათამდე სამეცნიერო პუბლიკაცია, ვთვლი, რომ საგანმანათლებლო პროცესში ჩართული მეცნიერის უმთავრესი მიღწევა მაინც სტუდენტებამდე სათქმელის სწორად მიტანაა. ასე რომ, ხშირად სტუდენტებთან წარმატებული მუშაობით გამოწვეული აღტაცება გადაწონის ხოლმე ნებისმიერ სამეცნიერო სტატიას თუ კონფერენციას“, – აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერი.