მარნეულის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნანა არაბული ქართულ ენას 10 წელზე მეტია ასწავლის. რაიონული ცენტრიდან 23 კილომეტრით დაშორებულ სოფელში მას ზოგჯერ ცხრა კილომეტრიანი მონაკვეთის ფეხით გავლაც უწევდა, თუმცა იქაურობის დატოვება ერთი წუთითაც არ უფიქრია, რადგან ზუსტად იცოდა, რომ ბავშვებს საკუთარი თავის აღმოჩენაში აუცილებლად უნდა დახმარებოდა.
ნანა არაბულის მოსწავლეთა ნაწილი დღეს ქართულ ენაზე ზღაპრებს, ესეებს, ჩანახატებს წერს და არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. ასევე, წერენ სცენარებს სხვადასხვა ნაწარმოებების მიხედვით და დგამენ სპექტაკლებს. დიდი სიყვარულით სწავლობენ და ასრულებენ ქართულ ცეკვებს, სიმღერებს „და რაც მთავარია, კარგად იცნობენ და უყვართ თავიანთი სამშობლო“, – ამბობს ნანა მასწავლებელი და ხაზს უსვამს, რომ პანდემიის პირობებში მისი საყვარელი მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საინფორმაციო კამპანიაში – სოფელში არა მხოლოდ ვაქცინაციის პროპაგანდას ეწეოდნენ, არამედ თავად შეკერეს პირბადეები, რომელსაც ორ ენაზე შექმნილ საინფორმაციო ბუკლეტებთან ერთად თემის წევრებს ურიგებდნენ.
22 წლის სტაჟის მქონე ნანა არაბული „ქართული ენისა და ლიტერატურის“ სერტიფიცირებული მასწავლებელი 2010 წელს გახდა. 2013 წელს მან კომპეტენცია დაადასტურა საგანში „ქართული, როგორც მეორე ენა“, ხოლო 2020 წელს წამყვანის სტატუსი მიენიჭა.
„მშობლებს ჩემი დედაქალაქში გაშვების შეეშინდათ და ასე გავხდი თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. პედაგოგიკაში პირველ ლექციას დამფრთხალი ვუსმენდი, იმდენად რთულ და საპასუხისმგებლო საქმედ მესახებოდა მასწავლებლობა, ახლაც მიკვირს, რომ არ მივატოვე. პრაქტიკაზე პირველი გაკვეთილიც ასეთივე დამფრთხალმა ჩავატარე ჩემს მშობლიურ სკოლაში. ვაცნობიერებდი, რომ მასწავლებლობა დიდი კი არა, უდიდესი პასუხისმგებლობა იყო.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამსახური არც მიძებნია, მამაჩემის მშობლიურ სოფელ გომბორში წავედი მასწავლებლად. ეს იყო მუდმივი ძიებისა და ძალიან საინტერესო 10 წელი ჩემს ცხოვრებაში. დღეს თუ წარმატებული ვარ, ეს ჩემი გომბორელი მოსწავლეების დამსახურებაცაა.
2007 წელს დირექტორთა შესარჩევი კონკურსით ამავე სკოლის დირექტორი გავხდი. გულწრფელად მჯეროდა, რომ ჩემი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებას უკეთესობისკენ შევცვლიდი. არ ვიცი, გამომივიდა თუ არა როგორც მენეჯერს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: ჩემი ყველა ნაბიჯი ამ გულწრფელ მიზანს ემსახურება.
არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლება ჩემთვის კიდევ ერთი გამოწვევა იყო. პროგრამა „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ შემთხვევით აღმოვაჩინე. ასე აღმოვჩნდი სოფელ კირიხლოს რაიონული ცენტრიდან 23 კილომეტრით დაშორებულ სკოლაში.
ვინაიდან გომბორის სკოლაში აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების მიკროკლასებიც იყო, აზერბაიჯანული თემი და მათთან მუშაობა ჩემთვის უცხო არ გახლდათ. შესაბამისად, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ენობრივი ბარიერის კუთხით სირთულეებს შევხვდებოდით, დიდად არ შემშინებია. თუმცა, რაც ადგილზე დამხვდა, ნამდვილად არ ველოდი: სკოლაში ქართულ ენაზე მხოლოდ ორი ადამიანი საუბრობდა. საქმეს ართულებდა ისიც, რომ სოფელში ტრანსპორტი არ დადიოდა და ხშირად სახლში დასაბრუნებლად ცხრა კილომეტრიანი მონაკვეთის ფეხით გავლა მიწევდა. მიუხედავად ამისა, წუთიც არ მიფიქრია პროგრამის მიტოვება, მივხვდი, რომ ბავშვებს საკუთარი თავის აღმოჩენაში უნდა დავხმარებოდი.
სკოლაშიც ძალიან თბილი გარემო დამხვდა. მისვლის დღიდან მუდმივად ვგრძნობ კოლეგების, ადმინისტრაციისა და თემის მხარდაჭერას და დიდ პატივისცემას. თუმცა ჩემი იქ ყოფნის მთავარი მიზეზი ჩემი მოსწავლეები არიან, მათთვის მე დამაკავშირებელი რგოლი ვარ დანარჩენ საქართველოსთან და იმ სამყაროსთან, რომლის შესახებაც 10 წლის წინ თითქმის არაფერი იცოდნენ.
ძალიან გამიხარდა ისიც, რომ მალე გაჩნდა ინტერესი იმ მასწავლებლის მიმართ, რომელიც იქ არავის ჰგავდა. შედეგად, დღითიდღე იზრდებოდა ქართული ენის შესწავლის მსურველთა რიცხვიც. მრავალფეროვანი აქტივობები, მინი საკლასო და სასკოლო პროექტები, ქართული სიმღერებისა და ცეკვის სწავლება, ფილმების ერთობლივი ყურება, წიგნების ერთობლივი კითხვა, ექსკურსიები, პროექტები სასკოლო ქსელების ჩართულობით, კონკურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობა და უამრავი ასეთი წამოწყება ჩემს მოსწავლეებს ნაბიჯ-ნაბიჯ აცნობდა და აყვარებდა იმ უცხო გარემოს, რომლის ნაწილად სულ რამდენიმე წლის წინ თავს ვერ აიგივებდნენ.
როგორც მოგახსენეთ, ფეხით დავდიოდი ხოლმე ხშირად და გზადაგზა მხვდებოდა მოსახლეობა წამლის რეცეპტით, სხვადასხვა უწყებიდან მოსული წერილებით, ესემესებით, რომ მეთარგმნა მათთვის. ხშირად გაკვეთილების დასრულებამდე მელოდნენ დასახმარებლად. ჩემი ჩასვლიდან ორი-სამი წლის შემდეგ იშვიათად მომმართავდნენ დახმარების თხოვნით. ძალიან ამაყი ვიყავი, როცა მივხვდი, რომ თანასოფლელებს უკვე ჩემი მოსწავლეები ეხმარებოდნენ“, – იხსენებს ნანა არაბული, რომელსაც ტრადიციად აქვს სასწავლო წლის ბოლოს შემაჯამებელი ღონისძიების მოწყობა – პედაგოგი მადლობას უხდის და ქართველი მწერლების წიგნებით აჯილდოებს იმ მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქართული ენის შესწავლასა და სასკოლო აქტივობებში.
„მხოლოდ შიდასასკოლო აქტივობებით შეუძლებელია შეცვალო ამინდი და მოხსნა გაუცხოება, ხელი შეუწყო ინტეგრაციას. ამიტომ ჩემს მეგობრებთან ერთად დავგეგმე და განვახორციელე არაერთი დიდი პროექტი. ახლა ქართული ლიტერატურის კლასიკოსებს ვკითხულობთ დედანში, შემდეგ ხელნაწერ წიგნად ვაქცევთ იმ ნაწარმოების შინაარსს, რომელიც მოგვეწონება და ჩვენს „წიგნის თაროს“ შევმატებთ. არასოდეს დამავიწყდება ჩემი მოსწავლის თხოვნა, ვაჟა-ფშაველა მინდა წავიკითხო ქართულ ენაზე და დამეხმარეთო. ჰოდა, ჩვენი „წიგნის თარო“ სწორედ ასეთ დახმარებას გაუწევს დაინტერესებულ მკითხველს“, – აცხადებს ნანა არაბული, რომელსაც თვითკმაყოფილების განცდა არ აქვს. მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მცირე წარმატებებია, ჯერ კიდევ ბევრი ბარიერია გადასალახი, ეს კი შრომისა და ბრძოლის სტიმულს აძლევს:
„მარტო ომს ვერავინ იგებს და მეც მარტო არ ვყოფილვარ. ყველა წამოწყებაში მხარში მედგნენ ჩვენი პროგრამის დამხმარე მასწავლებლები და ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული აფტაბ ეფენდიევა. მათ არანაკლები წვლილი მიუძღვით მოსწავლეების წარმატებაში. რთულია, ძალიან რთულია, ასწავლო ენა იმ მიკროგარემოში, რომელშიც ქართულ ენაზე, სკოლის გარდა, ვერსად საუბრობენ. პანდემიის პერიოდში ეს პრობლემა უფრო თვალშისაცემი გახდა, მაგრამ მალე შევძელით ფეხი აგვეწყო ახალი რეალობისთვის. პანდემიის გამო ონლაინ სწავლებაზე გადასვლა იოლი არც ჩემი კოლეგებისთვის იყო და აქაც მომიწია მეგზურობა გამეწია“, – აცხადებს ნანა არაბული, რომელმაც იმ კოლეგებისთვის, რომლებმაც გაკვეთილებზე სხვადასხვა აქტივობის ჩატარების სურვილი გამოთქვეს, ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფი შექმნა და კონსულტირებას უწევდა.
მნიშვნელოვანია, რომ წარმატებული პედაგოგი, როგორც ტრენერ-კონსულტანტი, 2015 წლიდან ჩართული იყო მასწავლებელთა პროფესიული სქემის დანერგვაში. პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელთა ერთ ჯგუფთან ერთად ის ასევე ჩართულია ტრენინგის მოდულებისა და დამხმარე ლიტერატურის შემუშავებაში.
„ბოლო ათ წელიწადში სასიკეთო ძვრა ბევრია კირიხლოში. მიხარია, რომ ამ საქმეში ჩემი წვლილიცაა, მაგრამ მთავარი ბრძოლა, ვფიქრობ, ჯერ არ მომიგია. სოფლის მოსახლეობის 100% მინდა ფლობდეს ქართულს, თუნდაც საკომუნიკაციო დონეზე, იმიტომ რომ, როგორც ჩემი ბავშვები ამბობენ, ქართული ენის სწავლამ მათ თავისუფლება აპოვნინა და, ჩემი ღრმა რწმენით, მე და ჩემი მოსწავლეები ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – ირწმუნება პედაგოგი, რომელიც ძალიან ამაყობს, რომ ათი წლის თავზე, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ათობით კურსდამთავრებული მისი ყოფილი მოსწავლეა:
„დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა, რომელშიც მე ვარ ჩართული, ეთნიკური უმცირესობებისთვის არის მეგზური, დამაკავშირებელი კარი ჯერ კიდევ გაუცხოებულ სამშობლოსთან. ჩემთვის კი ამ პროგრამაში მონაწილეობა პროფესიული და პიროვნული ზრდის უდიდესი საშუალებაა“, - აცხადებს კირიხლოს საჯარო სკოლის პედაგოგი.