ფიზიკის აკადემიური დოქტორი ნინო ფონჯავიძე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების“ გრანტის მფლობელია.
მისი კვლევების ძირითად სფეროს თხევადი კრისტალები და მათ საფუძველზე დამზადებული სხვადასხვა კომპოზიციური ნივთიერებების თერმული, ოპტიკური, თერმო და ფოტო–ოპტიკური თვისებების შესწავლა წარმოადგენს.
„ფონდის კონკურსებში გამარჯვება პირადად ჩემთვის უდიდესი სტიმულია. აღნიშნული გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, უფრო პროდუქტიულად გააგრძელონ სამეცნიერო საქმიანობა, მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში და გამოაქვეყნონ სტატიები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში.“ – აცხადებს ნინო ფონჯავიძე.
ფონდის გრანტის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერი იმუშავებს ჭკვიანი ფანჯრების ახალ კონცეფციაზე, რომლის საშუალებითაც ენერგიის მნიშვნელოვანი რაოდენობის დაზოგვა იქნება შესაძლებელი.
„მსოფლიოში გენერირებული ენერგიის დაახლოებით 30–40% გამოიყენება შენობების გათბობის, გაგრილების, სინათლისა და ვენტილაციისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით ენერგიის 30%, რომელიც შენობების გათბობასა და გაგრილებას ხმარდება ფანჯრების არაეფექტურობის გამო იკარგება. აღნიშნული ენერგიის ღირებულება კი, წელიწადში 42 მილიარდი დოლარია.
თუკი განვიხილავთ კლიმატის ცვლილებას დღის ან სეზონის მიხედვით, შენობებში ენერგიის დაზოგვა შესაძლებელი იქნება ისეთი ფანჯრების საშუალებით, რომლებსაც შეეძლებათ შემომავალი ხილული სინათლისა და მზის ენერგიის კონტროლი. „ჭკვიანი ფანჯრები“ წარმოადგენს სისტემას, რომელსაც შეუძლია შეიგრძნოს და უპასუხოს გარემოს ისეთ ზემოქმედებებს, როგორებიცაა: სინათლე, სითბო, ან ელექტრობა. ისინი აკონტროლებენ მინებში გამავალ სინათლეს, რაც მათ აძლევს უპირატესობას შექცევადად არეგულირონ შენობის შიგნით სინათლე და სითბო. ეს კი იმის წინაპირობაა, რომ ასეთი სახეობის ფანჯრები იქცნენ ახალი თაობის მრავალდანიშნულებიან მოწყობილობებად.“ – ამბობს ნინო ფონჯავიძე.
„ჭკვიანი ფანჯრების“ წარმოების ამჟამად არსებული ტექნოლოგიებისაგან განსხვავებით, ახალგაზრდა მეცნიერი „ჭკვიანი ფანჯრის“ ახალ დიზაინსა და კონცეფციაზე მუშაობს, რომელიც დაფუძნებულია ქოლესტერულ თხევადკრისტალურ სარკეზე. ეს გულისხმობს, რომ ფანჯარას შეუძლია არეკლოს ხილული, ან ინფრაწითელი სინათლე გარე ენერგიის წყაროს საჭიროების გარეშე. უფრო მეტიც, ქოლესტერულ თხევადკრისტალურ სარკეზე დაფუძნებულ „ჭკვიან ფანჯარას“ შეუძლია რეაგირება მოახდინოს გარემოს ტემპერატურაზე ისე რომ, დამოუკიდებლად გადააწყოს სინათლის არეკვლა, რომელიც მორგებული იქნება დღის პერიოდსა და კლიმატურ რეგიონზე.
„მოცემულ პროექტში წარმოვადგინეთ „ჭკვიანი ფანჯრების“ დამზადების ახალი კონცეფცია. ფანჯარა უპირველეს ყოვლისა ირეკლავს სინათლეს და ეს არეკვლა არის გარემოს მიერ კონტროლირებადი, ანუ დაბალ ტემპერატურაზე ფანჯარა არის გამჭვირვალე და ირეკლავს მზის გამოსხივების სხვადასხვა ტალღის სიგრძეს გარემოს ტემპერატურული ცვლილების შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ ის არ საჭიროებს ელექტროენერგიასა და რთულ საკონტროლო სისტემებს და აქვს მუშაობის ფართო ტემპერატურული ინტერვალი (–20 +80 C). გარდა ამისა, უსაფრთხო და არატოქსიკურია. დღეს არსებულ პროდუქციებთან შედარებით, ჩვენ მიერ შემოთავაზებული „ჭკვიანი ფანჯრების“ ტექნოლოგიას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ენერგოეფექტურობა.“ – გვიყვება ახალგაზრდა მეცნიერი.