მადონა ესაკიას პედაგოგიური საქმიანობა 25 წელს ითვლის. ექვსი წლის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებს ის სახელმწიფო ენას საზღვრისპირა სოფელ ახკერპში ასწავლიდა, სადაც ყინვა ზოგჯერ 27 გრადუსს აღწევს. ამჟამად ქართულ ენას სოფელ შაუმიანის მე–3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ასწავლის და ამაყობს, რომ ემსახურება საქმეს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს თვითრეალიზებისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს.
შაუმიანის მე-3 საჯარო სკოლაში მადონა ესაკია, მოსწავლეების გარდა, ქართული ენის კურსს მასწავლებლებთანაც ატარებს: „ჩემი, როგორც კონსულტანტ–მასწავლებლის მოვალეობაა, კოლეგებს პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში დავეხმარო, რასაც ასევე დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ძალიან მახარებს, რომ მათ ქართული ენის კურსი ბ1 დონეზე დაძლიეს და ასევე წარმატებით გაიარეს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგი. ჩემი მოკრძალებული წვლილია იმაშიც, რომ წლის დასაწყისში ათ მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა“ - ამბობს პედაგოგი.
კომპეტენციის დადასტურების გამოცდა მადონა ესაკიამ პირველივე წელს წარმატებით ჩააბარა. მან ასევე წარმატებით გიარა „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ პროგრამის კონკურსი და იმ 17 პედაგოგს შორის აღმოჩნდა, რომლებიც დიდი კონკურენციის პირობებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებად შეირჩნენ.
„კონკურსის შემდეგ ქვემო ქართლში, ეთნიკური სომხებით დასახლებულ მარნეულის საზღვრისპირა სოფელ ახკერპში გამანაწილეს, სადაც იმდენად მკაცრი ზამთარი იცის, ზოგჯერ 27 გრადუსამდე ყინავს. თავდაპირველად, ცოტა გამიჭირდა შეგუება მკაცრ კლიმატთან. იყო ყოფითი პრობლემებიც, რომლის მოგვარებაში დირექტორი და კოლეგები ძალიან დამეხმარნენ. ახკერპში 6 წელი ვასწავლიდი სახელმწიფო ენას. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უცხო გარემოში მომიწია ცხოვრება და მუშაობა, იმდენად კარგად მიმიღეს კოლეგებმა, მოსწავლეებმა და ადგილობრივმა თემმა, რომ თავი უცხოდ არასდროს მიგრძნია. გარდა იმისა, რომ სკოლაში ქართულს ვასწავლიდი, პროგრამის ფარგლებში გვევალებოდა დამატებითი მეცადინეობის ჩატარება მოსწავლეებთან. ბევრი მათგანი დიდი მონდომებით ეუფლებოდა ქართულს და ეს მაძლევდა დამატებით მოტივაციას, მათთვის უფრო მეტი გამეკეთებინა.
მჯერა, ჩემს მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ საზაფხულო ბანაკებში გატარებული დღეები, სადაც დასვენებასთან ერთად, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობით, ქართული ენის ცოდნასაც იღრმავებდნენ. ბავშვები დღემდე აგრძელებენ ურთიერთობას იქ შეძენილ აზერბაიჯანელ და ქართველ მეგობრებთან.“ - აცხადებს მადონა ესაკია, რომელსაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 2018–2019 სასწავლო წელს მიენიჭა.
პედაგოგი ამბობს, რომ არაფორმალური განათლების მიმართულებით, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბთან ერთად, რამდენიმე პროექტი განახორციელა. მათ შორის, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოსწავლეებსა და კოლეგებს მათთვის უცნობი ღირსშესანიშნაობები და ისტორიულ ძეგლები გააცნო.
„მეამაყება, რომ იმ პროგრამის ჯგუფის წევრი ვარ, რომელმაც შექმნა არაერთი დამხმარე რესურსი, სახელმძღვანელო და მასწავლებელთა საჭიროებაზე მორგებული ტრენინგ–მოდული „გრამატიკის სწავლების მეთოდიკა ქართულის, როგორც მეორე ენის ათვისების პროცესში“. ამ რესურსებით ჩვენი პროგრამის ტრენერ–მასწავლებლებმა საკმაოდ ნაყოფიერი ტრენინგები ჩავუტარეთ არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის უფროს მასწავლებლებს.
ქართული ენის მხარდამჭერი პროგრამა ხელს უწყობს არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთათვის განათლების მიღებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ასობით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა, მათ შორის, ჩემმა ყოფილმა მოსწავლეებმაც, განათლება თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მიიღეს და ვამაყობ, რომ დღეს ისინი ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები არიან“ - აცხადებს მადონა ესაკია.