მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქამრან აფანდიევი 5 წელია ქართულ ენას ასწავლის. ინფორმატიკის ფაკულტეტზე სწავლისას მას სულ სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ სწავლის დასრულების შემდეგ სოფელში დაბრუნება და მიღებული ცოდნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის გაზიარება ამჯობინა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქამრან აფანდიევი ამჟამად მასწავლებელთა მაძიებლობის პროგრამას გადის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ პროექტში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილეობა მან 2017 წელს გადაწყვიტა, ურთულეს კონკურსში გაიმარჯვა და მას შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის საჯარო სკოლაში დამხმარე მასწავლებლად მუშაობს.
ქამრან აფანდიევი: „მასწავლებლობაზე არასდროს მიფიქრია. სტუდენტობის დროს სულ სხვა ოცნებები მქონდა, თუმცა სწავლის პარალელურად არასამთავრობო სექტორში მოხალისედ მუშაობამ კარგად დამანახა ქვემო ქართლის რეგიონში არსებული გამოწვევები. ამიტომ, მიზნად დავისახე საკუთარი წვლილი შემეტანა ჩემი თემის განვითარებაში და გადავწყვიტე, სწავლის დასრულების შემდეგ სოფელში დავბრუნებულიყავი, სადაც ახალგაზრდებისთვის მიღებული ცოდნის გაზიარებას შევძლებდი.
უკვე 5 წელია ქართული ენის მხარდამჭერ პროგრამაში ვარ ჩართული და ვფიქრობ, სწორედ იქ ვარ და იმ საქმეს ვაკეთებ, რაზეც ვოცნებობდი – ვეხმარები და ჩემი წვლილი შემაქვს ბავშვების სწავლასა და მათ განვითარებაში“, - აცხადებს პედაგოგი, რომელმაც ქართული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, მეგობრებთან ერთად, საგანმანათლებლო ცენტრიც გახსნა. ამ ცენტრში ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, არა მხოლოდ ქართული შეისწავლონ, არამედ მათთვის საინტერესო აქტივობებით დაკავდნენ.
ქამრან აფანდიევი: „არაფორმალური სწავლების მიმართულებით ცენტრში აქტივობები თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სივრცეში ტარდება. მოსწავლეები სწავლობენ ჭადრაკს, მაგიდის თამაშებს, უტარდებათ სხვადასხვა ტრენინგი. გვაქვს მკითხველთა კლუბი – ცენტრის მოსწავლეები სკოლის მიღმა დამატებით კიდევ სწავლობენ ქართულ ენას და ყოველი თვის ბოლოს გადიან შემაჯამებელ ტესტირებას. მათთვის საინტერესო წიგნებს კითხულობენ ქართულად და შემდეგ ერთმანეთში განიხილავენ, ასევე აწყობენ დოკუმენტური ფილმების ჩვენება-განხილვებსაც. ვაწყობთ პოეზიის საღამოებს, ვდგამთ სპექტაკლებს და ვმართავთ სხვადასხვა ღონისძიებას. მოსწავლეები მიგვყავს კინოში, თეატრში, მუზეუმებში. ასეთი ჩართულობით ისინი უფრო აქტიურები და მოტივირებულები გახდნენ. რაც ყველაზე მთავარია, ჩემს მოსწავლეებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ წარმატების მისაღწევად სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია და ეს თვითრეალიზების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ქამრან აფანდიევი დარწმუნებულია, რომ მასწავლებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან თითოეული ბავშვი განსაკუთრებულია და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს:
„მასწავლებლობა არ არის მარტივი პროფესია. კარგი თაობის აღზრდა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ თითოეული ბავშვის ხასიათს და კარგად შევისწავლოთ მათი თვისებები, მხოლოდ ამ გზით შევძლებთ მოზარდებთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებას. უნდა გავიაზროთ, რომ ბავშვები პატარა ადამიანები არიან. მათ ბევრი უნდა ისწავლონ და შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს და საკუთარ თემს წარმატებით მოახმარონ“, – ამბობს პედაგოგი.