„გოგონა, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის სამყაროს“, – ასე ახასიათებენ ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნენე ჟვანიას მისი მეგობრები.
18 წლის ნენე ამერიკის შეერთებული შტატების ოთხმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ – ჰარვარდის, პენსილვანიის, კორნელის უნივერსიტეტებმა და უილიამსის კოლეჯმა – სრული დაფინანსებით მიიწვია. საბოლოოდ, მან არჩევანი ჰარვარდზე შეაჩერა და მომავალი წლიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებებისა და ფიზიკის შერეულ საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის. ეს ნენესთვის დღეისათვის ყველაზე მთავარი გამოწვევაა.
„ჩემი პირველი წარმატება შპაგატის სწავლა იყო. მერე მიზნად დავისახე ვეკუას სკოლაში მოხვედრა, რადგან მინდოდა, ჩემთვის საინტერესო სფეროებში მეტი განვითარების შესაძლებლობა მქონოდა. გადაწყვეტილებებს უმთავრესად მე ვიღებ, ყოველთვის ვცდილობ ისეთ პოზიციაში მოხვედრას, სადაც ჩემი წარმატება არ არის დამოკიდებული საზოგადოების აზრსა თუ აღიარებაზე“, – გვიყვება ნენე ჟვანია.
პირველი შპაგატიდან ჰარვარდამდე ნენეს ცხოვრების გზა წარმატებებით დახუნძლული იყო. სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე თვითმმართველობის თავმჯდომარე გახდა, აიღო ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირის ოქროსა და ბრინჯაოს, ასევე, ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის ვერცხლის მედლები. ნენე გოგონათა შორის საქართველოში ყველაზე დიდი კოდირების შეჯიბრის „Technovation Girls Sakartvelo“-ს ორგანიზატორია. სკოლის პარალელურად ის ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში გადის სტაჟირებას და საერთაშორისო ტურნირებისთვის მონაწილეთა ფორმების დიზაინზეც მუშაობს. ნენე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას არ ერიდება და თვლის, რომ წარმატება მხოლოდ მიზნების ერთგულებით მიიღწევა.
ნენე ჟვანია: „მთავარია იპოვო სფერო, რომელიც გულწრფელად გაინტერესებს და არასდროს მისცე სხვებს უფლება, შენს არჩეულ გზას უხეშად შეეხონ. თუ ვინმე ამბობს, რომ შენი ინტერესი აბსურდულია ან მზად არ ხარ, წარმატებას მიაღწიო – პრობლემა მასშია და არა შენში.“
18 წლის ნენე უკვე დამოუკიდებელია და თითქმის ყველაფრის მიმართ თავისებური მიდგომა აქვს. საკუთარი წარმატებების მოტივატორად ნენე პირად „მარცხს“ იყენებს. ამბობს, რომ მისი ცხოვრების გზაზე ნებისმიერი არასრულყოფილება უბრალოდ ბიძგია, არ დანებდეს და მეტად განვითარდეს.
„ოპტიმისტურად ფიქრი ყოველთვის საუკეთესო არჩევანი არაა. არ ვთვლი, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, იმედის შენარჩუნება, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, ავითარებს ადამიანს. პესიმისტური განწყობა და შეცდომის აღიარება, გამოსწორება უფრო მეტის მომცემია, ვიდრე უკეთესი „ხვალინდელი დღის“ იმედი“, – ამბობს მოსწავლე.
ნენე ჟვანია საკუთარი მეგობრებით ამაყობს, მათი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის აქვს და ნებისმიერ დროს მზად არის, საკუთარი ცოდნაც გაუზიაროს. ჯერ-ჯერობით არ იცის, სად იქნება 10 წლის შემდეგ, მაგრამ უნდა, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ოპტიკურ კვლევებში მიიღოს მონაწილეობა და თამაშების განვითარების სფეროში სცადოს ბედი. სანამ ამერიკაში გაემგზავრება ნენე საკუთარ თანატოლებს ძალიან საინტერესო რჩევას უტოვებს:
„გიყვარდეთ და დააფასეთ გუნდურობა, მაგრამ განავითარეთ თავი იმ დონემდე, თუ მთელი თქვენი გუნდი წასვლას დააპირებს, წარმატების მიღწევა მარტომაც შეძლოთ.“