ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა გაფრინდაშვილი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის მოწვეული ლექტორია. ახალგაზრდა მეცნიერი 2008 წლიდან იკვლევს ქართულ-სომხურ ლიტერატურულ და ისტორიულ ურთიერთობებს, საქართველოსა და სომხეთის ისტორიის წყაროთმცოდნეობით საკითხებს, ქართულ და სომხურ ხელნაწერთა კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიისა და პალეოგრაფიის საკითხებს.
სიღრმისეული კვლევების ჩატარების მიზნით, ხათუნა გაფრინდაშვილმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს მიმართა და „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების“ გრანტიც მოიპოვა.
„შოთა რუსთაველის ფონდის კონკურსში მონაწილეობამ და გამარჯვებამ, ზოგადად, დიდი როლი შეასრულა ჩემს პროფესიულ ზრდასა და სამეცნიერო საქმიანობაში. მომცა შესაძლებლობა, მემუშავა საზღვარგარეთ არსებულ ქართველოლოგიურ კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებში, წამყვან მეცნიერთა გარემოცვაში, რამაც დიდი გამოცდილება და ცოდნა შემმატა.
ფონდის გრანტი ახალგაზრდა მკვლევრისთვის არის ერთგვარი სტიმული, ხელშეწყობა, რომელიც ფართო შესაძლებლობებს გვთავაზობს პროფესიული განვითარებისთვის, საშუალებას გვაძლევს, ინდივიდუალურად განვახორციელოთ სამეცნიერო პროექტები და დაინტერესებულ საზოგადოებას წარვუდგინოთ ჩვენი კვლევის შედეგები,“ – აცხადებს ხათუნა გაფრინდაშვილი.
ახალგაზრდა მეცნიერის კვლევითი საქმიანობის ძირითად სფეროს კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია წარმოადგენს. მისი პროექტი გულისხმობს ათონის ივირონის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში დაცული მე-10 საუკუნის ჰაგიოგრაფიული კრებულის შესწავლას. ხელნაწერი კრებული გამორჩეულია შინაარსობრივი და სტრუქტურული თვალსაზრისით, შეიცავს ნათარგმნ და ორიგინალურ თხზულებებს, თხზულებათა ნაწილი კი მხოლოდ ამ ერთადერთი ხელნაწერით არის ჩვენამდე მოღწეული. გარდა ამისა, ათონის მთაზე დაცული ქართული ხელნაწერი გადაწერილია ისეთ მულტიკულტურულ და მულტიენობრივ გარემოში, რომელშიც ქართული კულტურის უნიკალური ძეგლები შეიქმნა და რომელსაც ტაო-კლარჯეთის სამწიგნობრო კერა ჰქვია.
პროექტის მიზანია როგორც კრებულში შესული თხზულებების შესწავლა, ისე განსაზღვრა იმ ისტორიული და კულტურული რეალიების, რომელშიც შეიქმნა ეს უმნიშვნელოვანესი ჰაგიოგრაფიული კრებული.
„ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, „აღმოჩენების ეპოქად“ ქცეული, გასული საუკუნისგან განსხვავებით, უახლესი ციფრული ტექნოლოგიებისა და ელექტრონული საძიებო სისტემების არსებობის პირობებში, ქართული ჰუმანიტარია ახალი მასალის გამოვლენას თითქოსდა აღარ ელოდება. თუმცა ახალი მასალა, ახალი არტეფაქტები ყოველდღიურად ავსებენ და ამდიდრებენ ჩვენს საგანძურს ქართული კულტურის შემსწავლელ მეცნიერებათა თითქმის ყველა დარგში, მათ შორის, ქართულ ფილოლოგიაში.
მრავალრიცხოვანი კვლევის მიუხედავად, დღემდე გამოუქვეყნებელია ძველი ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფიის ძეგლების უდიდესი ნაწილი. „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების“ გრანტის დასრულებისას მონოგრაფიის სახით სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვა 64 თხზულება, რომელთა დიდი ნაწილი წინარეათონურ თარგმანებს წარმოადგენს. მონოგრაფიის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც კვლევითი, ისე კულტუროლოგიური და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისას. ნაშრომი ასევე საშუალებას მისცემს ქრისტიანული ისტორიით დაინტერესებულ პირებს, თვალი გაადევნონ ტაოს სამწიგნობრო ცენტრში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებს, აქ მოღვაწე პირთა ინტერესებს, გემოვნებას, მიზნებსა და საჭიროებებს,“- ამბობს ახალგაზრდა მკვლევარი.
ხათუნა გაფრინდაშვილი სამეცნიერო საქმიანობაში შეძენილ ცოდნას აქტიურად იყენებს პედაგოგიურ ცხოვრებაშიც. „არმენოლოგიის კათედრა საშუალებას მაძლევს, ჩემი გამოცდილება სტუდენტებს გავუზიარო და გავუღვივო სიყვარული და ინტერესი ადრეული ქრისტიანული კულტურის მიმართ.“- აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერი.