მანანა ცომაიამ ორმოცდაათწლიანი პედაგოგიური საქმიანობა სენაკში დაიწყო და ათ წელზე მეტია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალში აგრძელებს. ახალი ცხოვრების დაწყება მას სრულიად უცხო, განსხვავებულ ეთნოსთან, კულტურულ და რელიგიურ ღირებულებებთან მოუხდა, მაგრამ ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებთან მუშაობის გადაწყვეტილება მისი ცხოვრების ყველაზე გამართლებული არჩევანია.
უფროსი სტატუსის მქონე პედაგოგი ყოფილი მოსწავლეების ცხოვრებითა და საქმიანობით მუდამ ინტერესდება. ეამაყება, რომ ბევრ მათგანს დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში და დარწმუნებულია, რომ ქართული ენის მხარდამჭერი პროგრამის გარეშე ახალგაზრდებს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია გაუჭირდებოდათ.
მანანა ცომაიას ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე სემა გასანოვა ამჟამად ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. პარალელურად, ის მარნეულში ჟურნალისტად მუშაობს: „მე თქვენ მიყვარხართ, ეს ცოტაა, რასაც მე თქვენზე ვფიქრობ, თქვენ მე მასწავლეთ სიყვარული ადამიანებისადმი, რომლებიც ჩვენგან განსხვავებული მეგონა, თქვენ მასწავლეთ ცხოვრება და ძვირფასი ქართული ენა. თქვენ ჩემი ცხოვრების საუკეთესო მეგობარი ხართ. ეს მარტო ჩემი სიტყვები არ არის, თქვენზე ყველა ასე ფიქრობს. მადლობა ყველაფრისთვის. თქვენ მე ჩემი თავი მაპოვნინეთ“, – წერს ყოფილი მოსწავლე პედაგოგს.
მანანა ცომაია: „ჩემი შერჩევა იმ ორმოციოდე კონკურსანტს შორის მოხდა, ვინც ამ დიდებულ საქმეს პირველები შევეჭიდეთ. ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგობა ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა იყო. აზერბაიჯანულენოვან სკოლაში, თითქოს თავიდან დავიწყე არსებობა, რადგან მაშინ პედაგოგები ჩვენ თვითონ ვქმნიდით რესურსებს, ვხატავდით, ვწერდით, ვცეკვავდით, ვმღეროდით და ეს იყო წრფელი სიყვარული ჩვენი დედაენისადმი და მისი ტრადიციებისადმი.
ქვემო სარალში, სრულიად უცხო გარემოში ადვილი არ იყო, მაგრამ სკოლის კოლექტივის, დირექტორის, ქალბატონ ნანა პაკელიანის დახმარებით და თანადგომით შიში ადვილად გადავლახე. ეს სკოლა დღეს ჩემთვის ყველაფერია. მოსწავლეთა გაფართოებულ თვალებში მხოლოდ სითბოსა და სიყვარულს ვხედავ. ჩემი მოსწავლეების მიერ წაკითხული რუსთაველი, ილია, ვაჟა თუ აკაკი, ჩემთვის სიხარულის უმაღლესი ფეიერვერკია.
ბედნიერი ვარ, რომ მას შემდეგ, რაც სკოლაში მივედი, უამრავი ახალგაზრდა დაეუფლა ცოდნას საქართველოში. ახალგაზრდები ბაქოში სწავლის გასაგრძელებლად აღარ მიდიან. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით განსაკუთრებული მზაობაა, რაც მათ მოტივაციას უქმნის სწავლისა და წარმატებული საქმიანობისათვის“.
მანანა ცომაია 21 წლის განმავლობაში სენაკის ჟიული შარტავას სახელობის სკოლის დირექტორი იყო. წამყვან მასწავლებელს არაერთი საპატიო სიგელი თუ სერტიფიკატი აქვს მოპოვებული, მაგრამ მისთვის ყველაზე დიდი წარმატება ადგილობრივ თემთან მეგობრობაა. ამბობს, რომ მათი ჭირისა და ლხინის თანაზიარია. ისინი დღესასწაულებსაც ერთად აღნიშნავენ. მისთვის „ნოვრუზ ბაირამს“ ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც აღდგომას.
მანანა ცომაია მიიჩნევს, რომ ქართული ენის მხარდამჭერი პროგრამის წარმატება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უდიდესი დამსახურებაა და თავადაც სწორედ ამ დიდი ხელშეწყობით გახდა თვითდაჯერებული. გარდა ტრენინგებისა, ცენტრის თანადგომით კოლეგები ერთმანეთს გამოცდილებასაც უზიარებენ, არ ეშინიათ სიახლეებისა და სასწავლო პროცესში ნოვაციის დანერგვის.
„ამ წლების განმავლობაში სკოლაში არაერთი საინტერესო და მიზანმიმართული პროექტი განვახორციელეთ: კონფერენციები, ექსკურსიები, ლიტერატურული საღამოები, ინტელექტუალური თამაშები. სწავლა-სწავლებაზე აგებული სასწავლო პროცესი ის მთავარი ორიენტირია, რაც წარმატების მიღწევაში მეხმარება.
ცხადია, პრობლემებიც არის, მაგრამ ძალიან მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ქართული ენა არ იცის. მალე ჩვენი დაკვალიანებული ახალგაზრდებიც წამოვლენ და მათი შვილები ქართული ენის ხიბლით გაიზრდებიან.
ყველა ჩემი ყოფილი მოსწავლის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ ვიცი. უამრავი ჩემი მოსწავლე ქვეყნის ერთგული შვილია და დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში“, - აცხადებს პედაგოგი.
ქართულ ენაში მასწავლებელთა მომზადება მანანა ცომაიას მუშაობის კიდევ ერთი განსაკუთრებული ნაწილია. უხარია, რომ მის მიერ მომზადებულთა შორის ზოგი უფროსი მასწავლებელი გახდა და სტატუსი აიმაღლა, ზოგიც ამჟამად B1 დონეზე ემზადება ენის ფლობის დასადასტურებლად.
„რა არის ადამიანის ცხოვრება? განსაკუთრებით ბოლო წლებში ხშირად მიფიქრია ამ ზოგადსაკაცობრიო საკითხზე. მიმაჩნია, რომ ადამიანის ცხოვრება სიყვარულია. მასწავლებლობაც სიყვარულია, რადგან ეს პროფესია პედაგოგებისა და მოსწავლეების ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზეა აგებული. მეამაყება და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროგრამის წყალობით უამრავი პატარა მეგობარი შევიძინე“.