საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ ჩხენკელმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს 2022 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე.
უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო მადლიერება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი მადლობას გიხდით თანადგომისთვის და მეგობრობისთვის.
აქვე, მსურს ხაზი გავუსვა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა ჩემთვის, როგორც საქართველოს და ამერიკის ორმაგი მოქალაქისთვის, დიდი მნიშვნელობის მატარებელია.
ვფიქრობ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს თანამშრომლობა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. საამაყოა, რომ თანამშრომლობა ასეთი წარმატებულია და უნივერსიტეტს საქართველოში 800-მდე სტუდენტი ჰყავს, ხოლო კურსდამთავრებულები წარმატებით საქმდებიან ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში, ან აგრძელებენ სწავლას წამყვან უნივერსიტეტებში.
მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წლევანდელ კურსდამთავრებულებს მივულოცო სწავლის დასრულება. გისურვებთ წინსვლას და წარმატებას ახალგაზრდებო! დარწმუნებული ვარ, წინ უამრავი მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლე გელით!
განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. საქართველოს წარმატებული განვითარებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, ინჟინრები, ტექნოლოგები და სამეწარმეო მიდგომების მქონე ახალგაზრდები. შესაბამისად, თქვენ - მომავალ თაობას დიდი წვლილი მიგიძღვით ქვეყნის განვითარებაში.
მჯერა, შესაძლებლობებს, რომელსაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო გაძლევთ, ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებთ და თქვენი ცოდნით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე მუშაობა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას ახალგაზრდების სასიკეთოდ.
კიდევ ერთხელ, მადლობას მოვახსენებ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, აშშ-ის მთავრობას საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინვესტიციებისთვის.
დასასრულს, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველოში განათლების სისტემის რეფორმირებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!“
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა რაიან ჰარისმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის პარტნიორობას 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება, ესენია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დახმარებას უწევს საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებს აშშ-ის აკრედიტაციის მოპოვებაში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციისათვის.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე ახორციელებს არაერთ გაცვლით პროგრამას ამერიკელი და ქართველი სტუდენტებისათვის, ამასთან, ქართველ აკადემიურ პერსონალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადების შესაძლებლობაც აქვს.