ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას არაქართულენოვან სკოლაში მედეა ჩალაური ქართულს რვა წელია ასწავლის. მოსწავლეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი პედაგოგს უზარმაზარ სტიმულს აძლევს, რომ სულ უფრო მეტი გააკეთოს მათ დასახმარებლად და სჯერა, რომ ამას აუცილებლად შეძლებს.
მედეა ჩალაურს უფროსი პედაგოგის სტატუსი 2018 წელს მიენიჭა. ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში მან პედაგოგიკის განხრით ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა ისტორიის ნაცვლად ქართული ენის მასწავლებელი გახდა, რასაც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს უმადლის.
„ისტორიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ შესახებ შევიტყვე. ამან იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ მასში ჩავერთე და 2014 წელს მუშაობა ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას არაქართულენოვან სკოლაში დავიწყე. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის მიზანი მოსახლეობის დახმარება და ცნობიერების ამაღლება იყო, საცხოვრებლად აზერბაიჯანულ თემში გადმოვედი. თავიდან დამხმარე მასწავლებლად ვმუშაობდი, შემდეგ კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩავერთე და აი, უკვე რვა წელია მათთან ვარ და პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი.
ეს პროექტი ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ხოლო როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ქართული ენის შესწავლის დიდი სურვილი დავინახე, მასში აქტიური ჩართვის კიდევ უფრო მეტი სტიმული მომეცა.
აზერბაიჯანულ სკოლაში მუშაობისას, არაქართულენოვანი მოსახლეობის პრობლემების მასშტაბურობისა და საჭიროებების გააზრების შემდეგ, გავაცნობიერე, რომ ეს ის გარემოა, რომელიც შეცვლას საჭიროებს და მე მის შეცვლას აუცილებლად შევძლებდი,“ – აცხადებს პედაგოგი.
პედაგოგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას, როგორც პედაგოგს, უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კი ამ პროექტის განხორციელებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება, რადგან სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში.
„აღზრდისა და ცოდნის გადაცემის ხელოვნება მასწავლებლის უმთავრესი დანიშნულებაა. ჩემი ყოველი დღე განსხვავებული და საინტერესოა. ყოველწლიურად სხვადასხვა კლასში ახალი მოსწავლის გაცნობა, მისი უნარების აღმოჩენა და შესწავლა უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. ჩემი, როგორც მასწავლებლის, პასუხისმგებლობა უზარმაზარია – დიდი მისია მაკისრია აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის ენის სწავლებისა და მათი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირების თვალსაზრისით. ჩემი მიზანი მათთვის სრულყოფილი და ხარისხიანი განათლების მიწოდებაა. ამიტომ, ძალიან მახარებს როდესაც ისინი საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებენ სწავლას.
საკუთარ წარმატებად აზერბაიჯანულ თემში ქართული ენის უფასო ჯგუფების შექმნა მიმაჩნია. წლების განმავლობაში ამან მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია. ძალიან მიხარია, რომ ისინი აქტიურად ჩაებნენ ენის შესწავლის პროცესში“.
მედეა ჩალაურს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს განვითარების საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ განათლებული თაობაა:
„გარკვეული სირთულეების მიუხედავად, ვფიქრობ, რომ საქმიანობა, რომელიც ავირჩიე, გამართლებულია. ჩვენი არაქართულენოვანი თანამოქალაქეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან სახელმწიფოს განვითარების საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ განათლებული თაობაა. აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ჩვენი დახმარებით ხდება მათი შერწყმა ქართულ საზოგადოებასთან. ორი ერის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა,“ –აცხადებს პედაგოგი, რომელიც განსაკუთრებით გამოყოფს მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორის, ნესტან ონიანის თანადგომას, რომლის მხარდაჭერით მოსწავლეებისთვის არაერთი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი განახორციელა.