საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ X კლასისთვის (ზოგიერთ საგანში სრული სასწავლო წლისთვის, ზოგიერთ საგანში - I სემესტრისთვის) განკუთვნილი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა. ამასთან, დასრულდა საბაზო საფეხურის IX კლასის იმ სახელმძღვანელოების შეფასება, რომლებმაც წინა წლებში გრიფი ვერ მოიპოვეს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების შერჩევის შესაძლებლობა მიმდინარე წლის 20 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აქვთ. შერჩეული სახელმძღვანელოები სასწავლო წლის დაწყებამდე დაიბეჭდება და ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება.
გრიფირების პროცესში სხვადასხვა საგანზე 47 განაცხადი გაკეთდა. აქედან, IX კლასის საგნებში 5, ხოლო X კლასის საგნებში – 42. წარდგენილი სახელმძღვანელოებიდან რეცენზირებისა და საჩივრების განხილვის ეტაპზე გადავიდა 46 განაცხადი, რომელთაგან 30-მა გრიფი მიიღო.
განაცხადები არ შემოსულა შემდეგ საგნებში:
გრიფირებული სახელმძღვანელოები არ შეირჩა შემდეგ საგნებში:
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საგნებში მომავალ წელს განმეორებით გამოცხადდება კონკურსი უკვე XI კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად.
2022 წელს სახელმძღვანელოების რეცენზირებისთვის კონკურსის წესით შეირჩნენ რეცენზენტები, რომლებმაც სახელმძღვანელოების შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით განახორციელეს:
სახელმძღვანელოებს აფასებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები. შემფასებელთა ჯგუფში წარმოდგენილნი იყვნენ როგორც პრაქტიკული გამოცდილების მქონე მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლები – დარგის მეცნიერები, კურიკულუმის ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რეცენზირების პროცესის დაწყებამდე, საგნობრივ რეცენზენტებს რამდენიმედღიანი ტრენინგი ჩაუტარა. ასევე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით, რეცენზენტებისთვის გაიმართა ტრენინგები რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ადამიანის უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, დისკრიმინაცია, სტიგმა, თანასწორობა, უმცირესობების უფლებები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ბავშვთა უფლებები, ქალთა უფლებები და ა. შ.
გასული წლების მსგავსად, სახალხო დამცველის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, შეფასების პროცესში ჩართულები იყვნენ სპეციალისტები, რომლებიც სახელმძღვანელოებს აფასებდნენ სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, რამდენადაა დაცული გენდერული ბალანსი ტექსტებსა და ილუსტრაციებში, რამდენად თავისუფალია სახელმძღვანელო სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული ელემენტებისგან, რამდენად არის გათვალისწინებული მდგრადი განვითარების პრინციპები და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ წელს, გრიფირების ისტორიაში პირველად, „მოქალაქეობისა“ და „სამოქალაქო განათლების“ სახელმძღვანელოების რეცენზენტთა საგნობრივ ჯგუფში ადამიანის უფლებათა მიმართულების შემფასებელი რეცენზენტიც იყო ჩართული.
გრიფირების პროცესის უფრო მეტად გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, რეცენზირების პარალელურად, ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი) მიმდინარე წლის 3 მარტიდან 30 მარტისა (IX კლასი) და 14 აპრილიდან პირველი მაისის (X კლასი) ჩათვლით საჯაროდ იყო განთავსებული შესაბამის ვებგვერდზე. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა სახელმძღვანელოების გაცნობისა და მათზე შენიშვნა/რეკომენდაციების წარმოდგენის შესაძლებლობა.
სახელმძღვანელოების შეფასების სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის სამინისტრო იწყებს დასრულებული გრიფირების პროცესის ანალიზს, რაც გრიფირების ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებას ითვალისწინებს. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზადაა, გამომცემლების, ავტორებისა და ყველა დაინტერესებული მხარისგან მიიღოს კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები გრიფირების პროცესთან დაკავშირებით.