საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს სორბონის უნივერსიტეტის დოქტორისა და ნანტის უნივერსიტეტის პროფესორის, გასტონ ბუაჩიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.
„დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ბატონი გასტონ ბუაჩიძის გარდაცვალება, ვინაიდან ის ნამდვილად იყო ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, ბრწყინვალე მთარგმნელი და მწერალი.
მისი მოღვაწეობა ფასდაუდებელია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, თითქმის 30 წლის განმავლობაში, აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, ნაყოფიერ მთარგმნელობით და ლიტერატურათმცოდნეობით საქმიანობას ეწეოდა.
ბატონი გასტონი გახლდათ თარგმნის უნიკალური დიდოსტატი. სწორედ მისი დამსახურებაა ფრანგულ ენაზე შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა ავტორების თარგმნა, რომელთა ნაწარმოებები ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. გარდა ამისა, მის სახელს უკავშირდება ცნობილი ფრანგი მწერლების ნაწარმოებების არაერთი ქართული თარგმანი.
ბატონი გასტონ ბუაჩიძე იყო თბილისისა და ნანტის დაძმობილების ინიციატორი, ასევე ნანტის ხელოვნების მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების 1999 წლის გამოფენის ორგანიზატორი.
ბატონი გასტონ ბუაჩიძის გარდაცვალება სამეცნიერო საზოგადოებისთვის მართლაც უდიდესი დანაკარგია. ვიზიარებ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და კოლეგების ღრმა მწუხარებას."
გასტონ ბუაჩიძე 87 წლის ასაკში საფრანგეთში, ქალაქ ნანტში, გარდაიცვალა.