საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ფართოვდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ადელა დე ლა ტორემ პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას საქართველოში უმაღლესი განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.
კერძოდ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითანამშრომლებენ საქართველოში STEM საგნებზე ორიენტირებული ადამიანური კაპიტალის განვითარების სფეროში; სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი შეისწავლის უკვე არსებულ და ახალ პარტნიორ უნივერსიტეტებთან მუშაობის შესაძლებლობებს, რათა მათ შესთავაზოს აშშ-ში აკრედიტებული სამაგისტრო პროგრამები. თავის მხრივ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან MCC-ის მეორე კომპაქტის (Compact II) მიზნების ხელშესაწყობად STEM-ის მიმართულებით, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის.
ხელმოწერის ღონისძიებაზე მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა.
აღსანიშნავია, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სამომავლოდ ითანამშრომლებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან. ხელმოწერის ღონისძიების დასრულების შემდეგ, მიხეილ ჩხენკელმა ადელა დე ლა ტორესთან სწორედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა.
მინისტრის თქმით, საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს.
უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შექმნისთანავე ინტენსიურად თანამშრომლობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ოპერირება დაიწყო. ეს მიდგომა შენარჩუნდება და მომავალში აკადემიური პროგრამები შეიქმნება კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, რაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს.
მიხეილ ჩხენკელმა ადელა დე ლა ტორესთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნისა და განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილა.
მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრისთვის სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელმა მსოფლიოს წამყვანმა კომპანიამ (IBA) ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ააწყო. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას პროტონული მეთოდით. მეორე ციკლოტრონი კი განკუთვნილი იქნება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ჩიკაგოში გამართულ ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში (ASTRO 2021) მონაწილე არაერთმა მეცნიერმა გამოთქვა აღფრთოვანება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ერთი ციკლოტრონი მხოლოდ კვლევებისთვის იქნება განკუთვნილი. ეს დამოკიდებულება აღფრთოვანებას იწვევს ევროპელ მეცნიერებშიც. მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი მოხარული იქნება, თუკი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. ეს იქნება ქართველ და ამერიკელ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის ძალიან კარგი შესაძლებლობა.
ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის პარტნიორობას 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება, ესენია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დახმარებას უწევს საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებს აშშ-ის აკრედიტაციის მოპოვებაში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციისათვის.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე ახორციელებს არაერთ გაცვლით პროგრამას ამერიკელი და ქართველი სტუდენტებისათვის, ამასთან, ქართველ აკადემიურ პერსონალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადების შესაძლებლობაც აქვს.