საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო. ნუნუ მიცკევიჩი სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის სახელით იუბილე მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, ფასდაუდებელია ყველა ის მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით მიაღწია. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებთან თანამშრომლობით უნივერსიტეტი კიდევ უფრო გააფართოებს საერთაშორისო სამეცნიერო კავშირებს და არაერთ წარმატებულ კვლევით პროექტს განახორციელებს.
სიმპოზიუმზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, საერთაშორისო სტუდენტური ჰიმნის თანხლებით, უნივერსიტეტის დაარსების ისტორიული დოკუმენტები წარადგინეს.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს „წმინდა გიორგის ორდენი‘‘ გადასცეს. თავის მხრივ, რექტორმა სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ცნობილ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. უნივერსიტეტის „ოქროს მედლით‘‘ კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების ღვაწლმოსილი თანამშრომლები და ქართველი და უცხოელი მეცნიერები დააჯილდოვა.
საზეიმო სიმპოზიუმის დასკვნით ნაწილში დამსწრე საზოგადოების წინაშე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელა, „მრავალჟამიერით‘‘ წარსდგა. დასასრულს, კი სტუდენტებმა საუნივერსიტეტო-ისტორიული დოკუმენტები, საერთაშორისო სტუდენტური ჰიმნის თანხლებით დარბაზიდან საუნივერსიტეტო მუზეუმში გადაიტანეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, საპატიო სტუმრები საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებიდან, მათ შორის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციისა (CERN) და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) მეცნიერები.