საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის დირექტორატის (DG NEAR) მხარდაჭერით თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის კვლევისა და ინოვაციების ექსპერტთა არაფორმალური სამუშაო ჯგუფის გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მკვლევრებთან, ინოვატორებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევისა და ინოვაციის პრიორიტეტები, მდგრადობა და არსებული გამოწვევები განიხილა. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 2021-2022 წლების სამუშაო პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე და 2023-2024 წლების სამუშაო პროგრამის დეტალებზე იმსჯელეს.
ნუნუ მიცკევიჩმა საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების კუთხით Horizone Europe-ის ჩარჩო პროგრამასა და COST-ის ასოციაციაში ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯები საქართველოს ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.
შეხვედრაზე სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ერთმანეთს კვლევისა და ინოვაციების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. მათი მოხსენებები ეხებოდა ევროპის კვლევითი საბჭოს დაფინანსების ინსტრუმენტებს, მკვლევართა ეფექტური მობილობისა და ევროპის ინოვაციების საბჭოს მიერ შეთავაზებულ შესაძლებლობებს ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირის ოთხი ქვეყნის (ბელგია, გერმანია, ლატვია, რუმინეთი), ევროკომისიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სამუშაო შეხვედრას მონაწილეები უკრაინიდან დისტანციურ ფორმატში შეუერთდნენ.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების წევრების ეფექტური მონაწილეობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და განხორციელების პროცესში.