საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა კვლევის – „საქართველოში სამეცნიერო პრიორიტეტების დადგენა, კვლევის შედეგები‘‘ პრეზენტაცია გახსნა, რომელიც ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის‘‘ ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიებაზე ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისათვის და სამეცნიერო პრიორიტეტების იდენტიფიცირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სწორი პრიორიტეტების დადგენა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოლიტიკის და ინსტრუმენტების შემუშავებისა და ინსტიტუტების საქმიანობის განსაზღვრისთვის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.
შეხვედრაზე TWINNING-ის პროექტის კოორდინატორმა ინესე გავარნემ იმ სამეცნიერო წრეს, რომელიც თავად იყო ჩართული სამუშაო პროცესში კვლევის შედეგები გააცნო, რომელთა მიხედვითაც რეკომენდაციის სახით 6 სამეცნიერო პრიორიტეტი დადგინდა – საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები/კულტურული მემკვიდრეობა, სოფლის მეურნეობა და სურსათი, განახლებადი ენერგია, ინოვაციური ჯანდაცვის სისტემები და წრიული ეკონომიკა.
საქართველოში პრიორიტეტების დადგენის პროცესში ჩართულნი იყვნენ – ბიზნესის, აკადემიური, სამეცნიერო სფეროების, შუამავალი ორგანიზაციების, მომხმარებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების, არასამთავრობო სექტორის, საჯარო სამსახურისა და დარგობრივი უწყებების წარმომადგენლები.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრის საერთაშორისო პრაქტიკასა და Horizon Europe-ის ჩარჩო პროგრამის მისიებთან მიმართებაში თავსებადობის შესახებ ინფორმაციას გასცნობოდნენ და მოესმინათ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უცხოელი ექსპერტების მოსაზრებები კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. ამასთან, გაიმართა დისკუსია სამეცნიერო პრიორიტეტების უკეთესად იმპლემენტაციის გზების შესახებ.
კვლევის შედეგების წარდგენის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ, ექსპერტებმა ევროპიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქპატენტისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) პოლიტიკის სფეროში პრიორიტეტების დადგენა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპის კვლევითი სივრცის შექმნამ ეროვნული კვლევისა და ტექნოლოგიების პორტფოლიოების ხელმეორედ გადახედვის საჭიროება გააჩინა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოში სამეცნიერო პრიორიტეტების დადგენის კვლევის ჩატარება.
მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მეორე ეროვნული სამეცნიერო ფორუმის ფარგლებში უფრო სიღრმისეული პანელური დისკუსიები გაიმართება დარგობრივ ფორმატში – ბიზნესის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქპატენტის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაპროფილებელი განყოფილებების, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, სამოქალაქო სექტორისა და დაინტერესებული უწყებების ჩართულობით.
შეგახსენებთ, რომ TWINNING-ის პროგრამა, რომელიც წარმოადგენს ხიდს კვლევასა და ინდუსტრიას შორის, ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს საერთაშორისო კონსორციუმის (Joanneum) კვლევით ცენტრთან (ავსტრია), ავსტრიის სამეცნიერო ფონდთან, ავსტრიის კვლევის ხელშეწყობის სააგენტოსთან, DLR პროექტის მართვის სააგენტოსთან (გერმანია) და დაუგავპილსის უნივერსიტეტთან (ლატვია) პარტნიორობით ხორციელდება.