სან მარინოს რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს სან მარინოს რესპუბლიკის კაპიტანმა რეგენტებმა მარია ლუიზა ბერტიმ და მანუელ ჩიავატამ უმასპინძლეს.
საზეიმო ღონისძიებაზე მიხეილ ჩხენკელი სიტყვით წარდგა მათი აღმატებულება კაპიტან რეგენტების წინაშე და სან მარინოს რესპუბლიკასა და საქართველოს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში დაწყებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა თქვენთან აუდიენციის საშუალება. პირველ რიგში, მადლობას გიხდით გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ეს ვიზიტი ნამდვილად ნაყოფიერი იყო, რადგან საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის იწყება მჭიდრო თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.
დარწმუნებული ვარ, რომ მემორანდუმი, რომელსაც კოლეგა მინისტრთან ერთად სულ ცოტა ხნის წინ მოვაწერე ხელი, ორივე ქვეყანას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ქვეყნებს შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობას ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით და ახალ შესაძლებლობებს მისცემს საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს.
ჩვენი მიზანია, საქართველო იქცეს განათლების, მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციის ჰაბად. ამისათვის კი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. განსაკუთრებით მსურს, გამოვყო საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, მართლაც უნიკალურია – უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.
აღსანიშნავია, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას.
დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტრში საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკის სამეცნიერო საზოგადოება არაერთ მნიშვნელოვან, ერთობლივ სამეცნიერო და კვლევით პროექტს განახორციელებს.
კიდევ ერთხელ, მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მხარდაჭერისათვის საერთაშორისო ასპარეზზე.“
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა სან მარინოს რესპუბლიკის განათლების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკის, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევების მინისტრმა ანდრეა ბელუციმ, რომელმაც მიხეილ ჩხენკელის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის, განათლების სფეროში მჭიდრო და მეგობრულ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. ანდრეა ბელუცის თქმით, სან მარინოს რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თითქმის 30 წელს ითვლის, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა უკვე არსებობს კულტურისა და ტურიზმის მიმართულებებით. ანდრეა ბელუცის თქმით, დღეს სან მარინოს რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან გაფორმებული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მჭიდრო პარტნიორობას ითვალისწინებს.
სიტყვით გამოსვლის დროს, ანდრეა ბელუციმ განსაკუთრებულად გამოყო საქართველოს მთავრობის ძალისხმევა პანდემიის დროს განათლების უწყვეტობის შენარჩუნების საქმეში და განაცხადა, რომ საქართველომ ძალიან სწრაფად შეძლო ადაპტირება ახალ რეალობასთან და უზრუნველყო პროცესების ეფექტიანად მართვა. სან მარინოს რესპუბლიკის განათლების მინისტრის თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საზოგადოებას შესთავაზა ახალი უნიკალური საგანმანათლებლო პროექტი „პირველი არხი - განათლება“, სადაც ყოველდღიურად ტარდებოდა გაკვეთილები, ეროვნულ სასწავლო გეგმის გათვალისწინებით. ანდრეა ბელუციმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს მხარდაჭერისთვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის სან მარინოს რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრები გამართა სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრ ლუკა ბეკარისთან და სან მარინოს რესპუბლიკის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კეთილდღეობისა და სოციალური დაცვის, პოლიტიკური საკითხების, თანაბარი შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მინისტრ რობერტო ჩიავატასთან.