საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან შერაზ გასრისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. მინისტრმა საფრანგეთის ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის განათლების სფეროში არსებული მრავალწლიანი მეგობრობის თვალსაჩინო მაგალითია ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის შესანიშნავი პროექტი. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის კიდევ უფრო გაფართოება ახალი აკადემიური პროგრამების დამატების გზით.
მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ერთობლივი პროფესიული პროგრამების განხორციელება შესთავაზა. მინისტრის თქმით, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია – საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, კოლეჯებში მიმდინარე სასწავლო პროცესში 2022 წლიდან ჩართულნი არიან უცხოელი მასწავლებლები, რაც სასწავლო პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, მალე ამოქმედდება უცხოური ენის ცენტრები და გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის. მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა.
შეხვედრისას მინისტრმა შერაზ გასრის განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი განცხადებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი აკადემიური პროგრამების განხორციელების მიზნით.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.
საფრანგეთის ელჩთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ქართველი და ფრანგი მეცნიერები ადრონული თერაპიის ცენტრში ერთობლივ სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ.
საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო Horizon Europe-ის პროგრამას. მინისტრის თქმით, 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ხელი ბრიუსელში, საზეიმო ვითარებაში მოეწერა. შედეგად, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული და საგრანტო ოფისები უკვე ფუნქციონირებს.
თავის მხრივ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს და განაცხადა, რომ ევროპული ხარისხის შესაბამისი ახალი უნივერსიტეტის დაფუძნება და განვითარება მართლაც შთამბეჭდავია. მისი თქმით, ის მოხარულია, რომ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები აქტიურად არიან ჩართულნი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საქმეში. შერაზ გასრიმ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას საფრანგეთის ელჩის მრჩეველი და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი კამილ ნორა ესწრებოდა.