საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ახალ დირექტორთან საქართველოში ჯონ პენელთან. მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა გულითადი მადლობა გადაუხადა ჯონ პენელს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს განათლების სისტემის განვითარების საქმეში.
ამ კუთხით, მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც განათლების ყველა მიმართულებით – ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საფეხურზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად USAID-ის მხრიდან ჯამში, 55 699 880 ამერიკული დოლარია გამოყოფილი.
მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა და სახელმძღვანელოების ხარისხისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების განვითარების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე ზრუნვა სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება – მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო სამინისტროს ახალი პროექტი, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სასწავლო რესურსების შექმნას ითვალისწინებს.
სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მისი თქმით, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი საგანმანათლებლო რესურსებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი იქნება.
USAID საქართველოს მისიის ახალ დირექტორს მინისტრმა განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი განცხადებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივი აკადემიური პროგრამების განხორციელების მიზნით.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.
USAID საქართველოს მისიის ახალ დირექტორთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, მათ შორის NATO-ს მთავარმა მეცნიერმა, ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანმა პროფესორებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩაერთონ კვლევით პროცესში.
შეხვედრაზე მინისტრმა USAID საქართველოს მისიის ახალი დირექტორი ქუთაისის უნივერსიტეტში მიიწვია.
თავის მხრივ, USAID საქართველოს მისიის ახალმა დირექტორმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს და განაცხადა, რომ ევროპული ხარისხის შესაბამისი ახალი უნივერსიტეტის დაფუძნება და განვითარება მართლაც შთამბეჭდავია. მისი თქმით, ის მოხარულია, რომ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, მათ შორის ამერიკელი მეცნიერები, აქტიურად არიან ჩართულნი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საქმეში. ჯონ პენელმა უნივერსიტეტში არსებული აკადემიური გარემოს უკეთ გაცნობისა და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
ჯონ პენელთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა USAID საქართველოს მხრიდან პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილ წვლილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სისტემის ინტერნაციონალიზაციაზე. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, პროფესიული განათლების სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი უცხოელი მასწავლებლები, რაც საერთაშორისო სტანდარტით სწავლებას უწყობს ხელს. მინისტრმა პროფესიული განათლების საფეხურზე საჯარო და კერძო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, პროფესიული განათლების ეფექტიანი მართვის წინაპირობას საჯარო და კერძო სექტორებს შორის გაზიარებული პასუხისმგებლობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, 2021 წელს სისტემაში უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელი დაინერგა – საჯარო-კერძო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება მართავს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს და სამომავლო გეგმებს. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსებას გულისხმობს.