საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა იტალიური ენის 23-ე მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა.
მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მონაწილეებს იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის წარმატებით ჩატარება მიულოცა და საქართველოსა და იტალიას შორის განათლების სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 2023 წლიდან იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა აქვთ, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.
იტალიური ენის კვირეულის ფარგლებში, გასული წლიდან Zecchino d’Oro-ს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსს დაემატა ბავშვთა სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მხოლოდ იმ ქვეყნებში ტარდება, სადაც იტალიური ენა სკოლებში ისწავლება. 2023 წელს ამ ქვეყნების სიას საქართველოც შეუერთდა.
აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა მუსიკალური კონკურსის ფინალი, რომელშიც 9 საჯარო სკოლის მოსწავლეები (სამი რეგიონიდან: თელავი, ხაშური, ბათუმი) და ერთი კერძო სკოლის კონკურსანტი მონაწილეობდა.
იტალიური ენის მსოფლიო კვირეულში საქართველოს მასშტაბით 61 სკოლა მონაწილეობდა – 51 საჯარო და 10 კერძო სკოლა. კონკურსში ჩართული იყო 7000-ზე მეტი მოსწავლე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
იტალიური ენის მსოფლიო კვირეული ყოველწლიურად აღინიშნება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით. ამ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა.