საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა იტალიური ენის 23-ე მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა.
მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, იტალიის საელჩოს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მონაწილეებს იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის წარმატებით ჩატარება მიულოცა.
თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 2023 წლიდან იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა აქვთ, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.
ღონისძიებაში ფარგლებში მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ.
იტალიური ენის კვირეულის ფარგლებში, გასული წლიდან Zecchino d’Oro-ს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსს დაემატა ბავშვთა სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მხოლოდ იმ ქვეყნებში ტარდება, სადაც იტალიური ენა სკოლებში ისწავლება. 2023 წელს ამ ქვეყნების სიას საქართველოც შეუერთდა.
იტალიური ენის მსოფლიო კვირეული ყოველწლიურად აღინიშნება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით. ამ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა.