საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა ტარიელ გუგავამ და ნოდარ პაპუკაშვილმა სომხეთის დელეგაციას უმასპინძლეს.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთში უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს და აღინიშნა, რომ მხარეები მზად არიან ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ ამ მიმართულებით. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები ემსახურება ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას ეთნიკური უმცირესობებისთვის.
მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე. მათ შორის, განიხილეს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (1+4) დეტალები. აღინიშნა, რომ პროგრამა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეთნიკური უმცირესობებისთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
შეხვედრის ფარგლებში ასევე აღინიშნა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიური ცენტრის გახსნა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ლიტერატურის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და კვლევითი ინტერესის გაღვივებას.
მხარეებმა შეხვედრის დასასრულს ქვეყნებს შორის ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების კუთხით პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვეს.