საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა სომხეთის დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთში უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.
მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე. მათ შორის, განიხილეს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (1+4) დეტალები. აღინიშნა, რომ პროგრამა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეთნიკური უმცირესობებისთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
შეხვედრის ფარგლებში ასევე აღინიშნა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიური ცენტრის გახსნა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ლიტერატურის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და კვლევითი ინტერესის გაღვივებას.
მხარეებმა შეხვედრის დასასრულს ქვეყნებს შორის ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების კუთხით პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვეს.