საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
ა.წ. 2 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში თემაზე “ბოლონიის პროცესი და პროგრამულ აკრედიტაციაში ჩართული მთავარი ინსტიტუციები’ ჩატარდა რიგით მეათე რეგიონალური აკადემიური სამიტი. აკადემიური სამიტი გახსნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დავით კერესელიძემ. აკადემიურ სამიტზე პროგრამულ აკრედიტაციაზე, პროგრამულ აკრედიტაციაში მონაწილე მთავარ ინსტიტუციებზე, მოსალოდნელ პროგრამულ აკრედიტაციის პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა პროფესორმა დავით კერესელიძემ, საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების აკრედიტაციის ფონდის სპეციალურმა წარმომადგენელმა დოქტორმა ჰაინც-ულრიხ შმიტმა, ტულონის უნივერსიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა პროფესორმა ფრანსუა რეშმა და უმაღლესი განათლების ექპერტმა მარინა ქარჩავამ. შემაჯამებელი კომენტარი აკადემიურ სამიტზე გააკეთა Twining/ CEIBAL -ის ადგილობრივმა მრჩეველმა ქაი ეტზოლდმა.
სამიტის შემდეგ 2-3 ნოემბერს იგივე თემაზე “ბოლონიის პროცესი და პროგრამულ აკრედიტაციაში ჩართული მთავარი ინსტიტუციები’ გაიმართა სემინარი, რომელიც ჩაატარა საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების აკრედიტაციის ფონდის სპეციალურმა წარმომადგენელმა დოქტორმა ჰაინც-ულრიხ შმიტმა და ტულონის უნივერსიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა პროფესორმა ფრანსუა რეშმა. მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს ფრანგული და გერმანული გამოცდილება აღნიშნულ თემატიკაზე. ზემოთ აღნიშნულ სემინარზე დასასწრებად 50-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტის წარმომადგენელი იყო დარეგისტრირებული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, სადაც ხორციელდება ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვას. პროგრამა ხორციელდება გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად.