განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტს ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”, გაზეთმა ”New York Times”-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა.
სტატიაში, რომლის სათაურია ”კვლავ ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, ამჯერად - სიტყვით”ამერიკელი ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოში ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანის ინიციატივა საქართველოს მიზანდასახულ და დასავლური ღირებულებების მატარებელ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც თავად თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას და სამართალს კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა. 2003 წლის მოვლენების შემდეგ კი, რაც პრეზინდეტი გახდა, ცდილობს, საქართველო მოსკოვის გავლენისგან გაათავისუფლოს და აშშ-სთან დააკავშიროს. ამიტომ, საქართველოს მთავრობამ ათასი ინგლისურენოვანი მასწავლებელი მოიზიდა და სექტემბრისთვის კიდევ ხუთასს ჩამოიყვანს, ისე, რომ საქართველოში ყოველ სკოლას ერთი ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჰყავდეს.
ჟურნალისტი სსრკ-ს პერიოდს იხსენებს, როდესაც კომუნისტები რუსულ ენის მეშვეობით ერთმანეთისგან შორი-შორს მყოფი ქვეყნების ერთ წნეხქვეშ მოქცევას ცდილობდნენ: ”მოითხოვდნენ, რუსული ენა ყოფილიყო მეორე სახელმწიფო ენა, ხშირად _ პირველიც. ასე ხდებოდა ესტონეთიდან უზბეკეთამდე... მაგრამ ორი ათწლეულის წინ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ბევრმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ აღადგინა საკუთარი, მშობლიური ენა და უკუაგდო რუსული ენა, რათა განემტკიცებინა საკუთარი დამოუკიდებლობა და ეროვნული თვითშეგნება” - წერს ავტორი და ასკვნის, რომ კრემლი მძაფრად აღიქვამს რუსული ენის სტატუსს, როგორც სიმბოლოს მისი ზეგავლენისა.
ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ცვლილებები შესამჩნევია. მართალია, 40 წელს გადაცილებული ქართველი რუსულად თავისუფლად საუბრობს, მაგრამ ბატონი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ინგლისურითაა დაინტერესებული. ამიტომ, მთავრობა ცდილობს, ეს პროცესი დააჩქაროს.
გაზეთი ”New York Times”-ი მკითხველს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის პოზიციას აცნობს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში, რომლის მოსახლეობა მხოლოდ 4.6 მილიონს შეადგენს, ეკონომიკური წინსვლა შესაძლებელია მხოლოდ განათლების სისტემის გარდაქმნითა და გაუმჯობესებით. ამ სიახლეთა უმთავრესი მიზანია, ყოველმა ბავშვმა საქართველოში ინგლისური ენა იცოდეს: „საქართველოს არ აქვს ბუნებრივი გაზი ან ნავთობი. ერთადერთი რესურსი, რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალია. ასე რომ, ჩვენ შეძლებისდაგვარად, სრულად უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი.“ _ განაცხადა ბატონმა შაშკინმა, რომელიც ინტერვიუში განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობა რუსული ენის სწავლების წინააღმდეგი არ არის, პირიქით, მომხრეა, რუსული იყოს არჩევითი უცხო ენა, როგორც გერმანული ან ფრანგული. ზოგადად სავალდებულო კი მხოლოდ ინგლისურია.
დიმიტრი შაშკინი აღნიშნავს, რომ აშშ-დან, კანადიდან და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ჩამოსული მასწავლებლები კულტურული დესპანებიც არიან. ამასთან, ინგლისურს არა მხოლოდ ბავშვებს ასწავლიან, ადგილობრივ ინგლისური ენის მასწავლებლებს ეხმარებიან. აყალიბებენ ინგლისური ენის კლუბებს და მშობლებთან ურთიერთობენ. თავად ინგლისურენოვანი მასწავლებლები კი აცხადებენ, რომ მათ მხნეობა შემატათ იმ ფაქტმა, რომ მათი ინგლისური ენის სწავლების მცდელობას საქართველოში დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს.
სტატიაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ საქართველოს მთავრობა ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკას მთელ მსოფლიოში, მათ შორის სამხრეთ კორეაში გაეცნო. მუშაობს ვანკუვერში მდებარე ორგანიზაცია „Footprints Recruiting“-სთან, რომელთაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინგლისურენოვანი მასწავლებლების მოძიებაში დიდი გამოცდილება აქვთ.
ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც პირადად შეხვდა საქართველოში მყოფ უცხოელ მასწავლებლებს სტატიაში მათ ემოცებსაც გადმოსცემს: „სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი აღფრთოვანებით შემხვდნენ ბავშვები,“ _ წერს 23 წლის მეგ ბელი დალასიდან, _ „ჩემმა მეგობარმა მასწავლებლებმაც იგივე განიცადეს, როცა პირველად შევიდნენ საკლასო ოთახში. ეს ბიტლომანიის მსგავსი ისტერია თითქმის მთელი კვირა გაგრძელდა. ბავშვები მთხოვდნენ, ხელზე ავტოგრაფი დამეწერა.“
დებორა კრუზი კი, რომელიც შემოდგომის სემესტრში შავ ზღვის სანაპიროზე მდებარე ქ. ბათუმში მუშაობდა, იხსენებს, რომ, როცა მუშაობა დაიწყო, ბავშვები მოწყენილები ჩანდნენ. მათი ინგლისური ენის ყოფილი მასწავლებლები არასდროს იყენებდნენ სასაუბრო მეთოდს: „როცა მე დავტოვე სკოლა, ისინი სკოლაში ინგლისურად საუბრობდნენ და მასწავლებლები გაოცებული იყვნენ ნანახი გარდაქმნით. ეს გაგრძელდება მაშინაც, როცა მე აქ აღარ ვიქნები. ჩემთვის ეს არის ყველაზე მთავარი _ ეს არ არის დროებითი.“ - აცხადებს დებორა კრუზი.