საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანიც მას-მედიის წარმომადგენლებისათვის ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისა და მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა იყო.
ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით სამინისტრო ერთიან პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც ეროვნული უმცირესობებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ენობრივი და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების გზით, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არაქართველებისათვის ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას. ამ მიმართულებით არაერთი პროგრამა ხორციელდება: ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სახლები იხსნება. ოთხი ენის სახლი უკვე ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. 2011 წელს დამატებით გაიხსნება რვა ქართული ენის სახლი, სადაც სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, საჯარო მოხელეები, აბიტურიენტები და სხვა დაინტერესებული პირები ქართული ენას გაძლიერებულად შეისწავლიან.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაფუძნდა ზურაბ ჟვანიას
სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობისა და
თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ
საჯარო მოხელეთათვის პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების შედგენასა და
განხორციელებას. ქართული ენის
ინტენსიური სწავლების კურსი და სახელმწიფო მართვის პროგრამა ასეულობით
აზერბაიჯანელმა და სომეხი ეროვნების მსმენელმა გაიარა.
არაქართულენოვან საპილოტე სკოლებში მიმდინარეობს მულტილინგვური განათლების დანერგვა. მშობლიურ ენასთან ერთად, მოსწავლეები ეუფლებიან ლინგვისტურ უნარებს იმ ენაზე, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
მიმდინარე პროგრამების გარდა ამოქმედდება ახალი პროგრამები: კონკურსის წესით ასობით მასწავლებელი შეირჩევა, რომლებიც ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში. მოხდება დოქტორანტების გაგზავნა არაქართულენოვან სკოლებში, შეიქმნება საზაფხულო ბანაკები, ბილინგვური სკოლამდელი განათლების ცენტრები, ამოქმედდება მოსწავლეთა გაცვლითი და სკოლების დაძმობილების პროგრამები (Twinning), კონკურსები და სხვა ღონისძიებები. ყველა პროგრამისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოები, სხვადასხვა დამხმარე სასწავლო მასალა და თვალსაჩინოებები მომზადდება.