საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტში
ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნოპარკის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ტექნოპარკის მიზნები და უახლოესი ამოცანები, ასევე მოხდა
სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობისა და IT ტექნოპარკის პირველი ერთობლივად განხორციელებული პროექტის -
“სტუნეტის” (www.stunet.ge)
პრეზენტაცია.
სტუ-ს IT ტექნოპარკი, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა, წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში არსებული იდეების გენერირებისა და განხორციელების ხელისშემწყობ ორგანიზაციას. მისი საშუალებით ტექნოპარკის საქმიანობაში ჩართულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მოიგონონ, განახორციელონ იდეები და გახდნენ კომერციულად წარმატებული IT პროექტის მფლობელები.
სტუ-ს IT ტექნოპარკი მონაწილეებს IT პროდუქტების შექმნის პრაქტიკული ჩვევებითა და ცოდნით უზრუნველყოფს - ჩართავს მათ კონკრეტული კომერციული დაკვეთის შესრულების პროცესში, წელიწადში ორჯერ მოხდება იდეათა გენერირება, საუკეთესო 2 იდეა განხორციელდება და ავტორებს საკუთრებაში გადაეცემათ პროექტის კომერციალიზაციისათვის.
სტუ-ს ინფორმაციული ტექნოპარკისა და სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი ერთობლივი პროექტი - “სტუნეტი” Web ტექნოლოგიებით დამზადებული სოციალური ქსელის ტიპის ვებ–საიტია (www.stunet.ge), რომლის პროგრამაც საქართველოში შეიქმნა და აქტიურად დაინერგა სტუდენტურ ცხოვრებაში, იგი ახალგაზრდებს აერთიანებს და სწავლის პროცესში ეხმარება.
საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა და კონკრეტულად, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ნოვაციური ტექნოპარკების ამოქმედების ინიციატორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. ეტაპობრივად, ტექნოპარკები ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული მიმართულებების პრაქტიკულად 80% დაფარავს, რაც ავტომატურად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ტექნიკური უნივერსიტეტის დაახლოებით 10 ათასმდე სტუდენტის დასაქმებას ნიშნავს. საკუთარი ანაზღაურებით, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი სწავლის საფასურზე გაცილებით მეტი გამოიმუშავონ. პარალელურად, პრაქტიკა გაიარონ. ტექნოპარკების ამოქმედებით საქართველოში ათობით საწარმო ამუშავდება.