აგრარული, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებები სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად არის გამოცხადებული. შესაბამნისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგრარულ სფეროში პროფესიონალი კადრების მომაზადებას, ამ მიზნით, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში შეიქმნა ახალი სასწავლო პროგრამები და განხორციელდა სასწავლო კორპუსისა და ლაბორატორიების რეაბილიტაცია.
უნივერსიტეტში 2500 სტუდენტი სწავლობს. 2012 წელს აგრარულ და ტექნოლოგიურ მიმართულებებზე სტუდენტების ინტერესი რადიკალურად, 7-ჯერ გაიზარდა. შედეგად 2012 წელს, აგროტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ერთ ადგილზე 40 აბიტურიენტია, საინჟინრო-ტექნოლოგიურზე - 36 აბიტურიენტი ერთ ადგილზე.
უნივერსიტეტს 3 ძირითადი მიმართულება აქვს - აგროტექნოლოგიური: მევენახეობა-მეღვინეობის, აგრონომიული, სატყეო, კვების პროდუქტების ტექნოლოგიების, სავეტერინარო მედიცინის და ზოოტექნიის სპეციალობები, საინჟინრო-ტექნოლოგიური: ელექტროინჟინერიის, მექანიკის ინჟინერიის, ინჟინერ-მშენებლის, აგროინჟინერიის სპეციალობები და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება.
უნივერსიტეტის ყველა აუდიტორიასა და ლაბორატორიას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია (რაზეც 4 მლნ დოლარი დაიხარჯა). სასწავლო ლაბორატორიები თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა, აქ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პრაქტიკული ცოდნა მიიღონ. ლაბორატორიების აღჭურვა გრძელდება.
უნივერსიტეტში განახლდა სასწავლო ინვენტარი, ყველა აუდიტორიასა და ლაბორატორიაში დამონტაჟდა პროექტორები, დაინსტალირდა ლიფტები, მოეწყო მოძრაობის დეტექტორზე მომუშავე განათების სისტემები, კონდიციონირება-ვენტილირება, გაკეთდა თანამედროვე საგამოცდო ცენტრი, დამონტაჟდა ვიდეოკამერები, ტელეფონის და მაღალსიხშირის ტალღების ჩამქრობი მოწყობილობა, მოეწყო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტში ყველგან სტუდენტებისთვის Wi-Fi არის ხელმისაწვდომი.
სტუდენტებისთვის კეთდება ექსპერიმენტული მექანიკური ქარხანა, სადაც მომავალი ნჟინრები მიიღებენ საწარმოო პრაქტიკას. ნიჭიერი სტუდენტებისთვის ასევე 2 ლაბორატორია ამოქმედდება, სადაც ისინი თავიანთ გამოგონებებზე იმუშავებენ. კეთდება კავკასიაში საუკეთესო ვეტერინარული კლინიკა, რომელიც ცხოველთა დიაგნოსტიკის ისეთი აპარატურით აღიჭურვება, როგორიცაა ციფრული რენტგენი, ცხოველების კომპიუტერული ტომოგრაფი - ეს არც ერთ კლინიკას არ გააჩნია საქართველოში. მზადდება სასმელების ქარხანა, სადაც სტუდენტები თვითონ დააყენებენ ღვინოს, შამპანურს, კონიაკს, არაყს, მოხარშავენ ლუდსა და დაამზადებენ ლიმონათს. უნივერსიტეტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ავითარებს სპეციალურ სასწავლო-სამეცნიერო ბაზებს, სადაც სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას და მეცნიერები თავიანთ ცდებს ჩაატარებენ.
უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ვითარდება ახალი საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც სტუდენტების, ლექტორებისთვის და საშუალო შემოსავლის მქონე სხვა მოსახლეობაზე არის გათვლილი. იგეგმება, აშშ-ს ქალაქებისთვის დამახასიათებელი სითიჰაუსის ტიპის დასახლების განვითარება.