განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშავდება ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა, რომელიც თავისი შინაარსით ინოვაციურია საქართველოს ენობრივი განათლების სისტემისათვის. ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ქართულის, როგორც უცხო ენის, სტანდარტი - ქართული ენის ფლობის დონეების (A1-A2, B1-B2) აღწერილობა. იგი შესრულდა ზოგადევროპული მოდელის მიხედვით, იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლითაც საერთაშორისო კონტექსტი ფუნქციონირებს. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან ქართული ენა ჩაერთო მსოფლიოს ენათა საურთიერთო ველში, რომელშიც თითოეული ენა შედის სტანდარტიზებული, ანუ ყველასათვის გასაგები სახით. ამ ფაქტს ენობრივი პოლიტიკის თვალსაზრისით სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. ამას გარდა, ეს სტანდარტი ხელს უწყობს ქართულის, როგორც უცხო ენის, დამოუკიდებელ სასწავლო მიმართულებად ჩამოყალიბებას და მის შემდგომ განვითარებას. ამ სტანდარტული აღწერილობის საფუძველზე იქმნება მრავალფეროვანი სასწავლო თუ მეთოდური ლიტერატურა. სახელდობრ, უკვე დასრულდა ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების მეთოდიკის სახელმძღვანელო კრებული, რომელიც შედგება ორი წიგნისაგან: თეორიული კურსისა და პრაქტიკული დავალებებისაგან. ეს არის მეთოდიკის პირველი სახელმძღვანელო აღნიშნული მიმართულებისათვის. ასევე პირველად მიმდინარეობს მუშაობა ქართულის, როგორც უცხო ენის, ერთენოვანი სახელმძღვანელოების კომპლექტზე ზოგადევროპული ენობრივი დონეების შესაბამისად. წლის ბოლოსთვის დასრულდება A1 და A2 დონეების სახელმძღვანელოები. წელს ასევე მომზადდება ადაპტირებული საკითხავი ლიტერატურა ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებისათვის. ამასთანავე შედგება მრავალფეროვანი სავარჯიშოების კრებულები. ამდენად, ქართული ენის უცხოელი შემსწავლელები მიიღებენ ქართულის, როგორც უცხო ენის, სრულ სასწავლო პაკეტს.
საგანმანათლებლო ლინგვისტიკის ახალბედა დარგი – ქართული, როგორც უცხო ენა – დიდ დახმარებას გაუწევს ქართული ენის სწავლასა და სწავლებას და ქართულს დააყენებს იმ ენათა შორის, რომელთათვისაც დამოუკიდებელი სასწავლო დისციპლინა - ენის, როგორც უცხო ენის, სწავლება - უკვე კარგა ხანია წარმატებით ფუნქციონირებს. ეს კი უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ენის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.