შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. პრეზენტაციას უძღვებოდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმ მაკ-ნიკოლასი და MCA-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია ზურაბაშვილი.
2013 წლის 19 ივნისს, აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭომ, საქართველოს 140 მლნ დოლარის მოცულობის 5 წლიანი კომპაქტი დაუმტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს, მეცნიერების და ტექნოლოგიური განათლების ინვესტირების გზით, ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაზრდას და სამუშაო ძალის განვითარებას.
,,ეკონომიკური ზრდისთვის ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს მოქალაქეთა უზრუნველყოფა იმ განათლებითა და უნარებით, რაც მათ სჭირდებათ მოდერნიზებულ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად”, - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ იოჰანესმა და აღნიშნა, რომ ,,წინამდებარე კომპაქტი გააძლიერებს საქართველოში არსებულ სასწავლო, აღმზრდელობით და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ისე, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ის უნარები, რაც პირდაპირ კავშირშია მრეწველობასთან, რომელიც იწვევს ეკონომიკურ ზრდას. უკეთესად განათლებული მუშახელი დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, განამტკიცებს დემოკრატიულ თანამონაწილეობას და გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას - გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი სავაჭრო პარტნიორი.”
მომდევნო კომპაქტისათვის საქართველოს მთავრობამ განახორციელა ანალიზი, რომელმაც განსაზღვრა, რომ ადამიანური კაპიტალის არსებული დონე ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორია, რაც განსაკუთრებით იგრძნობა მეცნიერების, ტექნოლოგიის დარგში, საინჟინრო სფეროსა და მათემატიკაში (STEM).
აღნიშნულ სფეროებში განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად და გამომუშავების პოტენციალის გაზრდისათვის, შემოთავაზებული კომპაქტი, სტრატეგიულ ინვესტიციებს განახორციელებს სტუდენტის ზოგადი განათლების ეტაპიდან დაწყებული, ტექნიკური მომზადების და სწავლების მომდევნო საფეხურების დამთავრების ჩათვლით, რომლის დროსაც, ყურადღება გამახვილდება STEM-ის პროფესიებში ქალთა მონაწილეობის გაზრდაზე.
კომპაქტი, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს 2013 წლის ზაფხულში, შედგება სამი პროექტისგან:
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საბჭომ 2011 წლის იანვარში საქართველო აირჩია მეორე კომპაქტის განვითარებაზე უფლებამოსილად; ქვეყანამ, 2011 წლის აპრილში, ხუთწლიანი, 395.3 მლნ დოლარის მოცულობის კომპაქტი წარმატებით დაასრულა.