საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტის “კატასტროფის რისკის შემცირების კომპონენტის ინტეგრირება განათლებაში” დასკვნითი ღონისძიება გამართა.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ გახსნეს.
პროექტი მიზნად ისახავდა ბუნებრივი კატასტროფებისადმი მოსწავლეების, ზოგადად მოსახლეობის მზაობის გაუმჯობესებას და სკოლის უსაფრთხოების გაზრდას. საქართველო მიეკუთვნება ბუნებრივი კატასტროფების მაღალი რისკის მქონე რეგიონს. მოსახლეობას უჭირს კატასტროფების რისკის სათანადოდ გაცნობიერება. აქედან გამომდინარე, პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს კატასტროფებისადმი მზადყოფნისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების დაუფლებისთვის.
პროექტში 23 ათასამდე ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის 4 000 მოსწავლე თბილისსა და საქართველოს ოთხი რეგიონის (მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო-სვანეთი, სამეგრელო / ზემო-სვანეთი) 10 საპილოტე სკოლიდან.
პროექტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ტრენერ/სპეციალისტებმა ტრენინგები ჩაატარეს შერჩეულ სკოლებში. გადაამზადეს დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები, სკოლები აღიჭურვა საგანგებო სიტუაციებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკური ხელსაწყოებით, შეიქმნა ტრენერთა სატრენინგო პაკეტი – კატასტროფის რისკის შემცირების სწავლება ინტერაქტიული მეთოდებით.
პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ითვალისწინებდა სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ელექტრონული თამაშების შექმნას ბუნებრივი კატასტროფების თემატიკაზე. ელექტრონული პროდუქტი მოიცავს ხუთ ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფას (მეწყერი, მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ხანძარი).
თამაშების შინაარსი მოსწავლეებისთვის შემეცნებითია და თემატურად ემსახურება საგანმანათლებლო მიზნებს. გათვალისწინებულია მოსწავლეების ასაკი (I-VI კლასები), ფსიქოლოგიური განწყობები. შექმნილი ელექტრონული თამაშები მოსწავლეებისთვის სახალისოა და წარმოადგენს სასარგებლო სასწავლო რესურსს, რომელიც ემსახურება მოსწავლეებში ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას და პრევენციული ღონისძიებების დასწავლას.