პროექტის მიზანი იყო სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის ეროვნული მოდელისა და სამოქმედო გეგმის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მათი განათლების უფლების რეალიზაციას და საზოგადოებაში მათ წარმატებულ ინტეგრაციას.
საკითხის ეფექტური რეგულაციის მიზნით, შეიქმნა მრჩეველთა საბჭო სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლის ფუნქცია პროგრამის კოორდინაცია და ზედამხედველობა იყო.
პროექტი ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები და ღონისძიებები: სკოლის მიღმა დარჩენილ/დარჩენის რისკის მქონე ბავშვთა ჯგუფების იდენტიფიკაცია, არსებული საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციური მოწყობის ანალიზი, უცხოური გამოცდილების ანალიზი, იდენტიფიცირებული რისკჯგუფების დაყოფა შესაბამისი საგანმანათლებლო საჭიროებების მიხედვით, აუცილებელი სასწავლო და საგანმანათლებლო რესურსების ნუსხის განსაზღვრა, რეკომენდაციების შემუშავება და სხვ. აქედან გამომდინარე, შეიქმნა ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის“ ეროვნული მოდელის სადისკუსიო დოკუმენტი.
პროგრამა განხორციელდება სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბაზაზე შექმნილ ფსიქოლოგიურ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროგრამის პარტნიორები არიან შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები.