საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი ელექტრონული სასწავლო რესურსების - კომპიუტერული თამაშების პრეზენტაცია გაიმართა.
სწავლების დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო გარემო მოსწავლეს აძლევდეს ცოდნის დადებით ემოციურ გარემოში მიღების საშუალებას. თამაშით სწავლა პრიორიტეტულია აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის შერჩეულ სწავლების მეთოდებს შორის. დიდაქტიკური თამაშები უყალიბებს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლის, პრობლემის გადაჭრის, შემოქმედებითად აზროვნების უნარ-ჩვევებს, პედაგოგს კი აძლევს თითოეულ მოსწავლის სასწავლო საჭიროებებზე მორგების საშუალებას.
ამ მიზნით, სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS) მჭიდრო თანამშრომლობით, უკვე რამდენიმე წელია მუშაობს მეთოდური და შინაარსობრივი თვალსაზრისით გამართულ საგანმანათლებლო ელექტრონული ინტერაქტიული თამაშების შექმნაზე.
2013-2014 სასწავლო წლისათვის შექმნილი ახალი კომპიუტერული თამაშები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეეებისათვის მოიცავს ქართული ენის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, მუსიკის და ხელოვნების თემატიკას. კომპიუტერული თამაშები ერთგვარი ვირტუალური ლაბორატორიებია, რომელთა მეშვეობით მოსწავლე ხდება მკვლევარი, სწავლობს და იმეცნებს ხალისით და აქტიურად. ამ სახალისო თამაშებში დაცულია სასწავლო მასალის თანმიმდევრულობა, შეესაბამება საგნობრივი პროგრამების თემატურ მასალას, არის დამხმარე დამატებითი საშუალება საგნების უკეთ ათვისებისათვის. თამაშების ყოველი ეტაპი დატვირთულია ახალი ინტერაქტიული ანიმაციებითა და თავსატეხებით, სახალისო დავალებებით. ყოველი მათგანის შესრულების შემდეგ მოსწავლეს ეძლევა „წამახალისებელი ჯილდო“ ანიმაციის ან თემატიკასთან დაკავშირებული ვიდეოს სახით.
ახალი კომპიუტერული თამაშები განთავსდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-პორტალზე www.buki.ge და უახლოეს მომავალში ჩაიტვირთება უმცროსკლასელთა პერსონალურ „ბუკებში“.
ღონისძიების მონაწილეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელი ლაშა ვერულავა მიესალმნენ. კომპიუტერული თამაშების ავტორებმა - დავით და ილია სონღულაშვილებმა და ალექსანდრე ასათიანმა თბილისის სკოლების დაწყებითი კლასების პედაგოგებსა და კათედრის ხელმძღვანელებს ახალი საგანმანათლებლო რესურსები დეტალურად გააცნეს.