საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრის, ბატონ ლევან ბეჟაშვილის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას. ბატონი ლევანი საუბრობდა პროექტის ხარჯის უმიზეზოდ გაზრდაზე. მსგავსი განცხადება საჭიროა ეფუძნებოდეს რეალურ მონაცემებს და გამყარებული იყოს შესაბამისი არგუმენტებით. ბატონ ლევანს, პროგრამის შესახებ არანაირი ინფორმაცია დღემდე სამინისტროდან არ გამოუთხოვია, რაც მას დასკვნის გამოტანის საშუალებას მისცემდა.
„ზოგადი განათლების პროგრამების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 ნოემბრის #1171 ბრძანების თანახმად ამოქმედდა სკოლების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთათვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამასთან რთული გეოგრაფიული მდებარეობისა და დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მოსწავლეები მიიღებდნენ სახელმწიფო დახმარებას, რაც ხელს შეუწყობდა მათ ხარისხიანი ზოგადი განათლების მიღებაში.
აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა ბაზრის კვლევა, იმის დასადგენად თუ რამდენი კომპანიის მიერ, რა ფასად და რა პირობებით იქნებოდა შესაძლებელი მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა. დეტალურად იქნა შესწავლილი მომწოდებლების მიერ წარმოდგენლი ფასწარმოქმნა და დადგინდა მისი ადეკვატურობა. ტრანსპორტირების ღირებულების გაანგარიშება განხორციელდა მოსწავლეთა რაოდენობის, საჭირო სატრანსპორტო საშუალების, გასავლელი მანძილის, საწვავის ტიპის, საწვავის ფასის, მძღოლის ანაზღაურების, მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფისა და სხვა კომპონენტების გათვალისწინებით;
ბაზრის კვლევის პროცედურების დასრულების შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი.
მოსწავლეთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის მიზნით 2012-2013 სასწავლო წლის მეორე სემესტრის ბოლომდე ჯამში დაიხარჯა 2,091,536 ლარი
2012-2013 სასწავლო წლის მეორე სემეტრის ბოლოს შეფასდა პროგრამის შედეგები და მივიღეთ გადაწყვეტილება 2013 წლის სექტემბრიდან პროგრამა ამოქმედებულიყო სრული მასშტაბით. გამოცხადებული ტენდერის შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა 3 კომპანია და 2013-2014 სასწავლო წლის პირველი სემესტრის (2013-2014 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სასწავლო დღეების რაოდენობა შეადგენდა 70-ს) ბოლომდე 900 ზე მეტი სკოლის 47 000 ზე მეტი მოსწავლის ტრანსპორტირების მიზნით დაიხარჯა 5,480,972.2 ლარი.
2014 წლის იანვრიდან (მეორე სემესტრიდან) ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, კიდევ ერთხელ გადამოწმდა ბენეფიციართა რაოდენობა, ტრანსპორტირების მანძილი და სხვა კომპონენტები. გამოცხადებული ტენდერის შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა 3 კომპანია, გაფორმდა ახალი ხელშეკრულებები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 7 717 273 ლარი (ფასის ზრდა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2013-2014 სასწავლო წლის მეორე სემესტრში სასწავლო დღეების რაოდენობა შეადგენს 101-ს, რაც პირველი სემესტრის მაჩვენებელს აღემატება 31 დღით), აღნიშნული მომსახურებით სარგებლობს საქართველოს 900 ზე მეტი საჯარო სკოლის 47 200 ზე მეტი მოსწავლე.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამის ამოქმედების დღიდან სკოლებში საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დასწრების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა
სკოლებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ, მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი ქვეპროგრამის ამოქმედებამდე შეადგენდა 60%-ს; ქვეპროგრამის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა 35%--ით და დღეს დასწრება -95 %-ია.
რესურსცენტრებში აღნიშნავენ, რომ პროგრამის ამოქმედების შემდეგ დაგვიანებების შემთხვევებს ადგილი თითქმის აღარ აქვს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზადყოფნას გამოხატავს, ზემოაღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებული მასალა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს.