საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრის, ბატონ ლევან ბეჟაშვილის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომელშიც პროექტის ხარჯის უმიზეზოდ გაზრდაზე საუბრობდა. სამინისტრო მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადება საჭიროა ეფუძნებოდეს რეალურ მონაცემებს და გამყარებული იყოს შესაბამისი არგუმენტებით. თუმცა, ბატონ ლევან ბეჟაშვილს, პროგრამის შესახებ, სამინისტროდან დღემდე არ გამოუთხოვია არანაირი ინფორმაცია, რაც მას დასკვნის გამოტანის საშუალებას მისცემდა. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზადყოფნას გამოხატავს, ზემოაღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებული მასალები ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს.
იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიდეს, აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განმარტავს:
„ზოგადი განათლების პროგრამების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 ნოემბრის #1171 ბრძანების თანახმად, ამოქმედდა სკოლების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთათვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამასთან რთული გეოგრაფიული მდებარეობისა და დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მოსწავლეები მიიღებდნენ სახელმწიფო დახმარებას, რაც ხელს შეუწყობდა მათ ხარისხიანი ზოგადი განათლების მიღებაში.
აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა ბაზრის კვლევა, იმის დასადგენად თუ რამდენი კომპანიის მიერ, რა ფასად და რა პირობებით იქნებოდა შესაძლებელი მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა. დეტალურად იქნა შესწავლილი მომწოდებლების მიერ წარმოდგენლი ფასწარმოქმნა და დადგინდა მისი ადეკვატურობა. ტრანსპორტირების ღირებულების გაანგარიშება განხორციელდა მოსწავლეთა რაოდენობის, საჭირო სატრანსპორტო საშუალების, გასავლელი მანძილის, საწვავის ტიპის, საწვავის ფასის, მძღოლის ანაზღაურების, მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფისა და სხვა კომპონენტების გათვალისწინებით;
ბაზრის კვლევის პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი.
პროგრამის განხორციელება საპილოტე რეჟიმში დაიწყო 2013 წლის იანვრიდან და 2013 წლის მარტამდე მოემსახურა 190 სკოლის 9400-ზე მეტ მოსწავლეს. 2013 წლის მარტის თვიდან სკოლებიდან მიღებული, დაზუსტებული, მოთხოვნების მიხედვით ჩატარებული განმეორებითი ბაზრის კვლევისა და ტენდერის შედეგად, 190 სკოლას და 9400 მოსწავლეს დაემატა 145 სკოლა და 6 000-მდე მოსწავლე.
მოსწავლეთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის მიზნით 2012-2013 სასწავლო წლის მეორე სემესტრის ბოლომდე ჯამში დაიხარჯა 2,091,536 ლარი
2012-2013 სასწავლო წლის მეორე სემეტრის ბოლოს შეფასდა პროგრამის შედეგები და მივიღეთ გადაწყვეტილება 2013 წლის სექტემბრიდან პროგრამა ამოქმედებულიყო სრული მასშტაბით. გამოცხადებული ტენდერის შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა 3 კომპანია და 2013-2014 სასწავლო წლის პირველი სემესტრის (2013-2014 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სასწავლო დღეების რაოდენობა შეადგენდა 70-ს) ბოლომდე 900 ზე მეტი სკოლის 47 000 ზე მეტი მოსწავლის ტრანსპორტირების მიზნით დაიხარჯა 5,480,972.2 ლარი.
2014 წლის იანვრიდან (მეორე სემესტრიდან) ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, კიდევ ერთხელ გადამოწმდა ბენეფიციართა რაოდენობა, ტრანსპორტირების მანძილი და სხვა კომპონენტები. გამოცხადებული ტენდერის შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა 3 კომპანია, გაფორმდა ახალი ხელშეკრულებები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 7 717 273 ლარი (ფასის ზრდა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2013-2014 სასწავლო წლის მეორე სემესტრში სასწავლო დღეების რაოდენობა შეადგენს 101-ს, რაც პირველი სემესტრის მაჩვენებელს აღემატება 31 დღით), აღნიშნული მომსახურებით სარგებლობს საქართველოს 900 ზე მეტი საჯარო სკოლის 47 200 ზე მეტი მოსწავლე.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამის ამოქმედების დღიდან სკოლებში საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დასწრების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა
სკოლებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ, მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი ქვეპროგრამის ამოქმედებამდე შეადგენდა 60%-ს; ქვეპროგრამის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა 35%--ით და დღეს დასწრება -95 %-ია.
რესურსცენტრებში აღნიშნავენ, რომ პროგრამის ამოქმედების შემდეგ დაგვიანებების შემთხვევებს ადგილი თითქმის აღარ აქვს.